თეო გუდავაძე
23.08.2017

საზაფხულო სეზონი იწურება. 2017 წლის ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი აღმოჩნდა როგორც ამინდის, ასევე ფასების მხრივ. წელს როგორც საზღვაო კურორტები, ასევე მთის კურორტებიც საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. ბათუმსა და ქობულეთს კი ანაკლიაში ჩატარებულმა ფესტივალმა დიდი კონკურენცია გაუწია და წელს ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იყო.

ზაფხულის პერიოდი ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის არც ისე მარტივად გადასაგორებელი აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სასტუმროებისა და კოტეჯების ფასი საგრძნობლად არ გაზრდილა წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებით ქობულეთში, შეკვეთილსა და კვარიათში, მაგრამ პროდუქტებისა და ბაზრის სიძვირის გამო დასვენება და გართობა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ნინი მოსახლიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება.

 "28 წლის ვარ და ჩემი შემოსავალი მაქვს. ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, ამიტომაც მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებ დასასვენებელ თანხას. წელს განსაკუთრებული მოტივი მქონდა - "ჯემ ფესტის" ბილეთის ყიდვა და ამისთვის ვაგროვებდი ფულს. დასვენება მინდოდა ბათუმშიც. დაახლოებით 2000 ლარი გადავინახე, თუმცა ბათუმში სამ დღეზე მეტი ვერ გავჩერდი თანხის უკმარისობის გამო. ფესტივალზე ყოფნისას ყველაფერი ძვირი იყო და ამას ფესტივალს ვაბრალებდი. მეგონა, ხალხს იძულებულს ხდიდნენ, ასე ძვირად ეყიდათ სასმელ-საჭმელი, მაგრამ არც ბათუმში დამხვედრია უკეთესი მდგომარეობა - კლუბები, ბარები, კაფეები, გაძვირებული იყო ყველაფერი. ცივ ყავას შარშან ბარში თუ 6-7 ლარად ვსვამდი, წელს 10 ლარამდე ღირდა. დასასვენებლად როდესაც მიდიხარ, ეს ის მინიმალური ფუფუნებაა, რაც არ უნდა მოიკლო, თუმცა ასე თუ გაგრძელდება, იძულებულები გავხდებით, სხვანაირ დასვენებას შევეგუოთ.

საბოლოო ჯამში, ბევრი გასართობი იყო ამ ზაფხულს - "ჯემ ფესტი" და ჯაზის მოყვარულებისთვის "ბლექ სი არენა", თუმცა გართობასთან ერთად ფასების დარეგულირებასაც თუ ისწავლიან ჩვენი ორგანიზატორები და სხვადასხვა ობიექტების მეპატრონეები, ძალიან კარგი იქნება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ორმაგს სასტუმროში გადავიხდი თუ საკვებში. საბოლოო ჯამში, დასვენება გაძვირებული გამოდის", - აღნიშნა ნინი მოსახლიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

გართობის მოყვარულებისთვის წლევანდელი ზაფხული საკმაოდ იმედიანად და კარგად დაიწყო, თუმცა ახალგაზრდების უმრავლესობა იმედგაცრუებული დარჩა და რასაც ელოდნენ კონკრეტული ფესტივალებისგან, ის ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, 2017 წლის ზაფხული ბოლო წლებში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რადგან საქართველოში ორი დიდი ფესტივალი ჩატარდა, რისი მეშვეობითაც ტურისტების მოზიდვა ასე თუ ისე მოხერხდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურისტების რეგიონში მოზიდვისათვის "ბლექ სი არენაზე" მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები და ა.შ. 22 წლის მეგი მარღანია სტუდენტია. იგი ბათუმში ისვენებდა და საკმაოდ კმაყოფილი ჩამოვიდა დედაქალაქში.

"რთული წლის მერე კარგ დასვენებას ვგეგმავდი და დიდი ხანი ვიფიქრე, ჯაზ ფესტივალზე წავსულიყავი თუ ერთთვიან "ჯემ ფესტზე". ისინი განსხვავებულია, მაგრამ მე პირადად ორივე მიყვარს, თუმცა პრიორიტეტი ჯაზფესტივალს მივანიჭე ჩემი საყვარელი ქალაქის - ბათუმის გამო. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. პირიქით, ვინც "ჯემ ფესტზე" წავიდა, ყველას სანანებელი გაუხდა, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო, ფაქტობრივად, ჩაეშალათ ერთთვიანი გეგმა.

ბათუმში სულ 900 ლარი დავხარჯე და მინდა აღვნიშნო, გართობა ნამდვილად არ დამიკლია, ეგ იყო მხოლოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში არ ვისვენებდი და საოჯახო ტიპის კოტეჯში ავიღე ბინა. ასე რომ, თუ სწორად გათვლი, ფული როგორ უნდა დახარჯო, ვფიქრობ, საქართველოს აქვს იმის რესურსი, კარგად დაისვენო. 8 დღე გავატარე სანაპიროზე, ჯაზფესტივალსაც დავესწარი და ყოველ საღამოს სხვადასხვა ბარში ვერთობოდი. ეს თანხა ნამდვილად მეყო",- განუცხადა "რეზონანსს" მეგი მარღანიამ.

კოტეჯებისა და სასტუმროების ფასები გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად ნამდვილად არ გაზრდილა, თუმცა საერთო ინფლაციამ გააძვირა ყოველდღიური ცხოვრება. ამის გამო ხალხს წლიდან წლამდე ეზრდება ხარჯი. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს კურორტებზე დასვენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთისა და ეგვიპტის ინფრასტრუქტურულად გამართულ კურორტებზე. რამდენად წაადგება ტურიზმს მზარდი ფასები, ამას დრო გამოაჩენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×