ნათია ლომიძე
23.08.2017

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მოვაჭრეებს ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის ვადა ეწურებათ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მოვაჭრეების დასახმარებლად "გაღებული მოწყალებით" კმაყოფილი მხოლოდ საბანკო სექტორია. რისი მოლოდინიც დაზარალებულებს ჰქონდათ, არ გამართლდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მათ ხარჯი კიდევ უფრო გაეზარდათ.

როგორც ვიცით, მოვაჭრეებსა და ახლომდებარე ბაზრობებს, რომლებიც დაზარალდნენ, ბანკებმა აგვისტომდე სესხი შეუჩერეს. რაც 6-თვიან შეღავათს გულისხმობს. თუმცა დღეს დაზარალებულებს სესხის დაფარვა გაორმაგებული პროცენტით მოუხდათ, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს და გაზრდილი პროცენტის გადახდა გაუჭირდებათ.

 ისე გამოვიდა, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეების დახმარების შედეგად კმაყოფილი მხოლოდ ერთი მხარეა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თანხას მოვაჭრეები სესხის დაპაუზების შემდეგ იხდიან.

"საბანკო სექტორი და სახელმწიფო დაზარალებულებს არავითარ შეღავათს აღარ გვპირდება", - განუცხადა "რეზონანსს" მარინა სამხარაძემ. მისი თქმით, ბანკის მიერ გაწეული საშეღავათო 6- თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მსესხებლებისთვის სხვა დათმობაზე წასვლას აღარ აპირებენ. ამის გამო სესხის კიდევ რამდენიმე თვით გადავადებას გეგმავს, რის გამოც გაორმაგებული პროცენტის გადახდა უწევს.

"ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ პირადად მე ვთხოვე ერთ-ერთ ბანკს, რომ საშეღავათო პერიოდი კიდევ 3 თვით გაეხანგრძლივებინა. ამის მერე დავიწყებდი სესხის დაფარვას, თუმცა ეს საკითხი არც განიხილეს. თავიდან, როდესაც 6 თვით შეგვიჩერეს გადახდა, გვეგონა, პროცენტს არ გადავიხდიდით, მაგრამ შევცდით. გუშინ სესხის რესტრუქტურიზაცია შემომთავაზეს ანუ ჩემი სესხის გადანაწილება მოახდინეს 120 თვეზე, რომელსაც, რასაკვირველია, პროცენტები ემატება და 4 000 ნაცვლად 8000-ის გადახდა მიწევს პროცენტის სახით. იძულებული გავხდი, ამ პირობას დავთანხმებოდი. როდემდე შევძლებ გადახდას, არ ვიცი, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ მქონდა. რაც შეეხება სახელმწიფოს, მხოლოდ 3 000 ლარით დაგვეხმარნენ და ამის მეტის იმედიც არ გვაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" სამხარაძემ.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული ინგა თოდუა. მისი თქმით, უსახსრობის გამო სესხი 90 თვეზე გადაანაწილებინა, თუმცა პროცენტიც გაიზარდა და ორჯერ მეტის გადახდა უწევს, ვიდრე უნდა გადაეხადა.

"დაზარალებულის ცნობა მოგვცეს, თუმცა ამას არავითარი აზრი არ აქვს, მაინც არაფერში გვადგება. როდესაც ბანკები დახმარებას დაგვპირდნენ, ძალიან მიხაროდა. ვიფიქრე, იმ რამდენიმე თვის პროცენტს, როდესაც სესხის გადახდა შეგვიჩერეს, არ გავიხდიდით, მაგრამ პირიქით მოხდა. ჩვენ ვართ დაზარალებულები და გვინდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი მორალურად მიუდგეს ჩვენს მდგომარეობას და დაგვეხმარონ. ხანძრის გამო ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო დავკარგეთ, როგორ უნდა დავფაროთ ბანკის ვალი, წარმოუდგენელია. სახელმწიფო მხოლოდ 3 000 ლარით დაგვეხმარა მაშინ, როდესაც 300 000 დოლარის საქონელი დამეწვა. უსახსრობის გამო ჩემი სესხი 90 თვეზე გადავანაწილე, მაგრამ პროცენტიც გაიზარდა და ორჯერ მეტი უნდა გადავიხადო", - განუცხადა "რეზონანსს" თოდუამ.

როგორც ცნობილია, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად 600-ზე მეტ დაზარალებულს აქვს საბანკო ვალდებულებები, რომლის ჯამური ღირებულება 16 მილიონამდე ლარს შეადგენს.

საშეღავათო პირობების განსაზღვრისთვის ბანკებს 200-მდე დაზარალებულმა მიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×