ნათია ლომიძე
24.08.2017

წელს დაქირავებულ მუშახელთა მოთხოვნა, შარშანდლისგან განსხვავებით, შემცირებულია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამის მიზეზად მოსავლიანობის შემცირებას მიიჩნევენ. დაქირავებულთა ნაწილი კი, რომელთაც მუდმივად აქვთ სამუშაო, ანაზღაურებით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ დაუღალავი შრომის მიუხედავად, დამქირავებლები ცოტას უხდიან. თუმცა მიზერულ თანხაზე მუშაობა ფინანსური პრობლაცემების გამო უღირთ და ნებისმიერ შეთავაზებას თანხმდებიან.

მუშახელის მინიმალური ანაზღაურება დღეში 15 ლარია, მაქსიმალური კი - 50 ლარი, თუმცა დღიური ქირა დაქირავებულთა ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს.

"წელს მოსავლიანობა შედარებით ნაკლებია, მუშახელის რაოდენობა კი დიდია და, შესაბამისად, ყველა ვერ შევძლებთ კარგი და სარფიანი სამუშაოს ნახვას", - უთხრა "რეზონანსს" თამაზ როსეფაშვილმა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარება. მისი თქმით, სამუშაო ძალიან რთულია, რასაც ანაზღაურება ნამდვილად არ შეესაბამება.

 "დღეში 20 ლარადაც მიმუშავია და 30 ლარადაც, თუმცა ეს თანხა ვერ მიგვარებს ფინანსურ პრობლემებს. მუშახელზე მოთხოვნა წელს იმდენად არ არის, როგორც შარშან იყო. თბილისთან ახლოს ვცხოვრობ, ამიტომ სამუშაოდ უფრო ახლომდებარე რაიონებს ვირჩევ. ყველაზე ხშირად კახეთს ვსტუმრობ, მაგრამ ახლა ქართლს მივაშურე. ბოსტნეულის სეზონია და სოფლებში სამუშაო არ გამოილევა. მუშაობის დროს კვებას არ ითვალისწინებენ, ყველანაირი ხარჯის დაფარვა ჩვენ გვიწევს. სამუშაო ძალიან რთულია, რასაც ნამდვილად არ შეესაბამება ანაზღაურება. ჯერ იყო და, ბაღების დასამუშავებლად ვიყავი, შემდეგ მოსავლის ასაღებად. ახლა რთველი დაიწყება და რთველში უნდა წავიდე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტას მიხდიან, მაინც მიღირს მუშაობა, რადგან ჩემი ოჯახი ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული. ფინანსური პრობლემების გამო უარს ვერ ვიტყვი ვერანაირ შემოთავაზებულ სამსახურზე, თუნდაც ძალიან დაბალი ანაზღაურება იყოს", - უთხრა "რეზონანსს" როსეფაშვილმა.

თელავის მკვიდრი მზია ქერდიყოშვილი ამბობს, რომ ატმის კრეფაში დღიურად 10 ლარს უხდიდნენ.

"სხვა შემოსავალი არ მაქვს და თავს სეზონური სამუშაოებით ვირჩენ. ფასი ისეთივეა, რაც შარშან იყო. ამ მხრივ სხვაობა არ არის, თუმცა 4-5 წლის წინ ამავე სამუშაოებში 3-დან 7 ლარს მიხდიდნენ დღეში. მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმდენი უმუშევარია, რომ ხალხი მზადაა, მინიმალურ გასამრჯელოს დასჯერდეს", - ამბობს თელავის მკვიდრი.

იმერეთში, ტყიბულის რაიონში, მცხოვრები ქეთო მასხორაძე ამბობს, რომ მუშახელს სეზონზე დღიურად 20-25 ლარად ქირაობს.

"სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ვცხოვრობთ. შვილები თბილისში არიან და მუშახელის საფასურს ხან ისინი გვიგზავნიან, ხანაც - შემოსავლიდან ვაძლევთ. ზოგ შემთხვევაში, ფულის ნაცვლად, მოსავალი მიაქვთ, რამდენსაც გამოიმუშავებენ. ადრე ყანაში დამოუკიდებლად ვმუშაობდით, მაგრამ ახლა დამხმარის გარეშე არ შეგვიძლია. ბევრი ადამიანისთვის სხვის ოჯახებში მუშაობა შემოსავლის წყაროა, თუმცა ეს არ არის ოჯახის სარჩენად საკმარისი ფული. რაიონში ბევრი უმუშევარია და ამ გზით ფულის შოვნას ყველა ვერ ახერხებს. მოთხოვნაც, სიმართლე გითხრათ, არც ისე დიდია. ისედაც ჭირს და ხალხი ფულის დაზოგვას ცდილობს, დამხმარეს უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ", - ამბობს ტყიბულელი დიასახლისი.

მიხეილ დარბაიძე დაქირავებული მუშახელია, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონში სამუშაოდ დადის. ამბობს, რომ აღებული გასამრჯელო ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად არ ყოფნის.

"შარშან მეტი სამუშაო გვქონდა. ახლა შეიცვალა სიტუაცია, განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტ ფულს ვშოულობდი. სენაკში ნაცნობი ოჯახი მეგულება და იქ ყოველწლიურად ჩავდივარ. სამეგრელოში ძირითადი საქმიანობა თხილსა და სიმინდს უკავშირდება. ცოტაც ციტრუსი და დაფნაა, ამიტომ დღიური მუშახელისთვის სამეგრელოში ჩასვლა ყოველთვის მომგებიანია. წელს თხილის შესაგროვებლადაც ვიყავი, დღეში 20 ლარად ვმუშაობდით. მალევე წამოვედი, რადგან მავნებლებთან დაკავშირებით ხალხს პრობლემა შეექმნა და ოჯახებს აღარ უღირთ მუშების დაქირავება. თხილის ფასი დაბალია, ჩვენ რაღა უნდა გადაგვიხადონ?! იმერეთიდან ჩავდივარ სამეგრელოში თხილის სეზონზე. წელს შემომთავაზეს თხილის შეგროვება იმ პირობით, თუ თვითონვე გავყიდდი შრომის საფასურად აღებულ მოსავალს. ჩემი რამდენიმე ახლობელი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ ჩემთის ხელსაყრელი არ იყო და მალევე დავბრუნდი. შედარებით კარგ ანაზღაურებას - 40 ლარს მთავაზობდნენ კახეთში და იქ წავალ სამუშაოდ. მართალია, ძალიან ვიღლები, მაგრამ მიღირს, რადგან ფინანსური პრობლემა მაქვს და აუცილებლად უნდა მოვაგვარო. ამ სახის სამუშაოებზე მე და ჩემი 20 წლის შვილი დავდივართ და ვცდილობთ, ცხოვრების სირთულეებს ერთად დავუდგეთ. დღეს ყველა ბანკის ვალით ვცხოვრობთ, რომელსაც გასტუმრება სჭირდება. სწორედ ამიტომ ვიტვირთავთ თავს და, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, უარს არ ვამბობთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დარბაიძემ.

ფინანსური სიდუხჭირის გამო მუშად მუშაობა უწევს ელდარ შონიასაც, რომელიც სამუშაოს სირთულისა და ანაზღაურების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, დაქირავებული მუშახელის ანაზღაურება და სამუშაოს სიმძიმე შეუსაბამოა.

"უკვე მესამე წელია, რაც სეზონურად ვეხმარები გლეხებს მოსავლის აღებაში. სამუშაო საათებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველას თანაბრად უხდიან. არც საკვებით უზრუნველყოფაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ზოგიერთ ოჯახში კი გვავალდებულებენ, ჩვენს კვებაზე თვითონ ვიზრუნოთ. ეს ოჯახის გადასაწყვეტია, ვერავის მოვთხოვთ. ფაქტია, რომ ჩვენი არც ანაზღაურება, არც შრომითი უფლებები არ არის დაცული. მზეში შუა დღესაც კი გვამუშავებენ და თითქოს იმდენს იხდიან, რომ რატომღაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ჩემნაირ ადამიანებს, რადგან მუხლჩაუხრელი შრომაა. ასეთი დაბალი ხელფასი და მსგავსი მიდგომა ჩვენს შრომას უფრო აუტანელს ხდის", - ამბობს შონია.

ზუგდიდელი გოგა ზარქუა გულახდილად ამბობს, მთელი სოფელიც რომ შემოირბინოს, სეზონზე უანგაროდ დამხმარეს ვერ იშოვის, თუმცა თანხის საფასურად მუშაობას არავინ თაკილობს.

"მთელ სოფელში, სადაც 400 კომლი ცხოვრობდა, მუშახელს ვერ იპოვიდი. ამხელა მოსახლეობაში ფულზე 2-3 კაცი მუშაობდა და მათი სახელი ყველამ ვიცოდით. თანხის სანაცვლოდ სხვის ოჯახში მუშაობას არავინ კადრულობდა, მაგრამ დახმარებას არავინ დაგზარდებოდა, მით უმეტეს, თუ "ნადი" იყო, მთელი სამეზობლო ერთმანეთს ედგა გვერდით. ახლა კი ოღონდ ადამიანს სამუშაო გამოუჩნდეს, შრომას არავინ თაკილობს, 25 ლარი სოფელში, სადაც ხალხს სამსახური არ აქვს, არც ისე ცოტა ფულია. ასეთმა დამოკიდებულებამ ტრადიციებზე ხელი აგვაღებინა, ხალხი უფრო ცივი გახდა", - ამბობს სოფელ რიყის მკვიდრი.

როგორც მეგრელი გლეხი იხსენებს, რამდენიმე წლის წინ ოჯახს მოსავლის აღებაში სამეზობლო ეხმარებოდა. სამუშაოდ შეკრებილი 4-5 ადამიანის (შეიძლება მეტიც) ჯგუფს "ნადი" ერქვა. ერთობლივი მუშაობა სამეზობლოს კიდევ უფრო აახლოებდა და ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემითაც განაწყობდა, მაგრამ ბოლო წლებში "ნადის" შრომას არავინ იყენებს და ისიც დრომოჭმულ ტრადიციად იქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×