მარი ჩიტაია
24.08.2017

ბინის დაქირავება ჭირს, ხოლო გირაო საერთოდ აღარ არის. უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის მაშინ, როცა წინა წლის აგვისტოში მოთხოვნას ვერ აუდიოდნენ. უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირის მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 80%-ით არის შემცირებული, თუმცა გასაქირავებელი ფართების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

დილერების ვარაუდით, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები კომპანიების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ, რადგან დამოუკიდებლად ცდილობენ თავიანთი სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფართების გაქირავება უჭირთ.

ამ ეტაპზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად მეტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზეა. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი, საშუალოდ, 200-300 დოლარის ფარგლებშია, ხოლო გარეუბნებში 150-200-ს არ აჭარბებს.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ თბილისში ბინის ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

 "კატასტროფულად შემცირდა მოთხოვნა, ამ მხრივ მძიმე სიტუაცია გვაქვს. სტუდენტები ცდილობენ, რამდენიმე შეიკრიბოს ერთად და ისე იქირაონ. ადრე აგვისტოში ვერ ავუდიოდით მოთხოვნებს, განსაკუთრებით საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ქირაზე მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან თითქმის აღარ არის. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 80%-ით ჩამოვრჩით. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა უცხოელი სტუდენტებისთვის უნდოდათ ბინის დაქირავება, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. თვითონ სასწავლებლები ახდენენ უკვე ამ საკითხის ორგანიზებას. სტუდენტების აუცილებელი მოთხოვნაა, რომ დაბინავდნენ იმ უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, სადაც სწავლობენ. თუმცა ჩვენ ამ პროცესს, ფაქტობრივად, ჩამოგვაშორეს", - ამბობს გოგუაძე.

რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ქირის საფასური ლარშია.

დილერების ინფორმაციით, მოთხოვნა ცოტათი გარეუბნებსა და იაფფასიან სახლებზე გაიზარდა. ასეთ ფართებს უმეტესწილად რაიონებიდან ჩამოსული ხალხი ქირაობს, თუმცა სიიაფე აქ მხოლოდ შედარებითია. თბილისის მასშტაბით არ მოიძებნება უბანი, სადაც ბინა იაფად ქირავდება. თითქმის თანაბარ ფასად ქირავდება კეთილმოწყობილიც და კეთილმოუწყობელიც.

უძრავი ქონების სააგენტოებში ქირაზე მოთხოვნის შემცირებას გარკვეულწილად მაღალ ფასს უკავშირებენ.

დილერი ლექსო ცხვედიანი განმარტავს, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ქირაზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, ხოლო გირაო მთელ თბილისში თითქმის აღარ არის.

"ბინა ვერ ქირავდება იმის გამო, რომ ფასი არის მაღალი. ცენტრალურ რაიონებში ქირა ძალიან ძვირია, მინიმალური ფასი საბურთალოზე არის 250-300 დოლარიდან ზემოთ, ვაკეში კი 400 დოლარიდან იწყება. ძირითადად ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ. ფასები ისედაც მაღალია. ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ამ პერიოდშია მომატებული, თუმცა ქირა გაცილებით ძვირია, ვიდრე გასულ პერიოდში იყო. გირაოზე საუბარი საერთოდ არ მაქვს, რეალურად არ არის. მოთხოვნა ამ მიმართულებითაც დიდია, მაგრამ დასაგირავებელი ბინა ფიზიკურად არ გვაქვს. დეფიციტს სიძვირე განაპირობებს, 15 ათას დოლარამდე ერთოთახიანი ბინის დაგირავება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია", - განმარტავს ცხვედიანი.

სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას ადასტურებენ დამოუკიდებელი მაკლერებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ივნის-ივლისთან შედარებით, მდგომარეობა ცოტათი გამოცოცხლდა, თუმცა ბევრად უარესი ვითარებაა იმასტან შედარებით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

"სასწავლო სეზონიდან გამომდინარე, გვეგონა, რომ ქირა-გირაოზე მოთხოვნა მოიმატებდა. ცვლილება უმნიშვნელოა, მაგრამ მხოლოდ წინა თვესთან შედარებით. წინა წლის აგვისტოსთან შედარებაც კი შეუძლებელია. სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა კვლავ დაბალი რჩება. ამას წინათ შეკვეთა ნიგერიელი სტუდენტებისგან მივიღეთ, მაგრამ იმდენად ნაკლებს იხდიან, რომ მათი მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ. ჩვენ ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ, სადაც ბინის დაქირავება ყველას არ შეუძლია. ზოგადად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია და ეს უძრავი ქონების ბაზარს დაეტყო. რეალური შემკვეთის სიმცირეა. ამასთან, შარშან ძალიან მოთხოვნადი იყო მეტრო "პოლიტექნიკურის" მიმდებარე ტერიტორია. წელს ეს ტენდენცია არ არის. ბაზარზე მოთხოვნა იმდენად ნაკლებია, რომ ვფიქრობ, მშობლებმა სტუდენტი შვილებისთვის ან ბინა შედარებით იაფად დაიქირავეს გარეუბნებში ან ნათესავებთან დააბინავეს", - ამბობს ვასო ცეცხლაძე, მაკლერი.

დილერების ინფორმაციით, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ქირაობდნენ. ახლაც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარებლებად, თუმცა მათი მხრიდან აქტიურობა შენელდა.

"თბილისში მყოფი საშუალო შეძლების უცხოელებიც საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ. ასევე იქცევიან სტუდენტებიც. ყველას უნდა, ბინა იქირაოს მეტროსთან ან უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, რისი შესაძლებლობაც ნაკლებადაა", - ამბობს ლიკა ბენია, უძრავი ქონების აგენტი.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება. ესეც, ბენიას შეფასებით, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თბილისში ბინის დაქირავება ჭირს.

"რაც ქირავდება, საკმაოდ ძვირია და სტუდენტებს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი უმრავლესობისთვის ცენტრალური უბნები ნაკლებად ხელსაყრელია. ქირაზე მოთხოვნა ყოველთვის რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის ხარჯზე იყო. ამას ემატება უბინაოდ დარჩენილი თბილისელების პრობლემაც. მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება და ეს ფაქტორი ქირაზე ხელმისაწვდომობას საკმაოდ ართულებს", - დასძენს უძრავი ქონების აგენტი.

საპირისპირო შეფასებაც მოვისმინეთ. უძრავი ქონების აგენტები აცხადებენ, რომ ქირაზე მოთხოვნა ოდნავ სტაბილური გახდა, რის მიზეზადაც დილერი ლალი ქაროსანიძე სტუდენტების გააქტიურებას მიიჩნევს.

"მესმის, რომ მოთხოვნა არ არის ისეთი, როგორიც წინა წლებში იყო, თუმცა უძრაობაც არ არის. ბაზარი, ბოლო რამდენიმე კვირაა, ცოტათი გააქტიურდა, რადგან შეკვეთებმა მოიმატა, ცხადია, სტუდენტების ფაქტორიდან გამომდინარე. ისინი დაბალფასიან ბინებს ეძებენ და ამისთვის, დროსთან ერთად, დიდი ძალისხმევაც სჭირდებათ. ჩვენი საქმიანობაც თანდათან კარგავს სტაბილურობას. შეიძლება თვეში 3-4 ბინა გავაქირაოთ, მაგრამ ზოგჯერ ერთი შეკვეთაც ვერ მივიღოთ. რაც შეეხება ძვირადღირებულ ბინებს, მოთხოვნა ამ მხრივ თითქმის აღარ არის, რადგან ასეთი ბინის დამკვეთი ბაზარზე აღარ შემოდის", - ამბობს იგი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×