თამარ მუკბანიანი
25.08.2017

არჩევნების წინ მთავრობა გარემოვააჭრეების მიმართ მიდგომას ცვლის და უფრო ლოიალური ხდება. საქართველოს უმეტეს რეგიონსა და დედაქალაქშიც ეს პრობლემა დროებით მივიწყებულია, მათ შორის - საკურორტო რეგიონებშიც, სადაც გარევაჭრობასთან ბრძოლა საკურორტო სეზონის დაწყებამდეც იყო დაანონსებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება კანონით იკრძალება, სოციალური სიდუხჭირისა და თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ვერც დედაქალაქისა და ვერ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის სრულად მოგვარებას ვერ ახერხებს.

გარევაჭრობა კანონით აკრძალული ქმედებაა, რომელიც ჯარიმით ისჯება.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კანონი არაქმედითია იმის გამო, რომ სოციალური შეჭირვების ფონზე ეგრეთ წოდებული თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ გარევაჭრობით მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს.

 თბილისში ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და დღის საათებში გარევაჭრობის ფაქტებს თითქმის ვერ წააწყდებით, თუმცა მოსაღამოების შემდეგ, როცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები სამუშაო საათებს ასრულებენ, გარემოვაჭრეები ისევ ძველ ადგილებს უბრუნდებიან.

მოუგვარებელი პრობლემა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და ხელისუფლების მხრიდან ხშირად ითხოვენ ქმედით ნიბიჯებს, მეორე მხრივ კი, გარემოვაჭრეების განაწყენება წინასაარჩევნოდ არცთუ ისე მცირე ელექტორატის დაკარგვას ნიშნავს.

ეთერ ზოიძე გარემოვაჭრეა. წლებია, ბათუმში წერეთლის ქუჩაზე ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. ამბობს, რომ ყველა ახალი ხელისუფლება მათი აყრის პირობას იძლევა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას ვერავინ ახერხებს. გარემოვაჭრის თქმით, ალტერნატივას არ სთავაზობენ და ამიტომ სხვა გამოსავალი არ აქვს.

"წლებია, აქ ვზივარ და ვვაჭრობ. ყველა ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ გარევაჭრობას აკრძალავს, მაგრამ რანაირად? როცა ალტერნატიულს ვერაფერს გვთავაზობენ. ზაფხულის დასაწყისშიც იყო ამაზე საუბარი და ახლაც ამბობენ, არჩევნების მერე აყრიანო, მე არ მგონია. სად უნდა გაგვიშვან? რეალურ ალტერნატივას თუ შემოგვთავაზებენ, გიჟები კი არ ვართ, გარეთ ჯდომა რომ გვერჩივნოს. როცა ქვეყანაში ამდენი პრობელემაა, თვითდასაქმებულ ადამიანს არ უნდა მიადგე და ლუკმა პირიდან არ უნდა გამოაცალო", - აცხადებს ეთერ ზოიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

სოციოლოგი პაატა აროშიძე ამბობს, რომ დედაქალაქში მეტ-ნაკლებად მოგვარებულია გარევაჭრობის საკითხი, რეგიონებში კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

"რეგიონებში გარევაჭრობის ფაქტებს თითქმის ყველგან ნახავთ. თბილისში ეს პრობლემა დიდწილად მოგვარებულია. შეიძლება ითქვას, რომ რაიონებსა და ქალაქებში ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა. მაგალითად, ბათუმის ცენტრალური ქუჩები, გარემოვაჭრეების მხრიდან "ოკუპირებულია". პირველ რიგში, ვიმსჯელოთ ეკონომიკური კუთხით. გარევაჭრობა არსად არ არის დარეგისტრირებული და ბიუჯეტში არავითარი გადასახადი ამ სფეროდან არ შედის. არც ერთი არ არის დარეგისტრირებული მეწარმე. გამოდის, რომ ეს თანხა სახელმწიფოს გვერდის ავლით ბრუნავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გარევაჭრობით ქალაქის იერსახე მახინჯდება და ანტისანიტარიაა, რაც თავისთავად ცნობილი ფაქტია", - ამბობს აროშიძე.

მისივე თმით, მხოლოდ ალტერნატიული ფართის შეთავაზება გამოსავალი არ არის და ხელისუფლებამ უფრო რადიკალურ მეთოდებს უნდა მიმართოს, თუმცა წინასაარჩევნოდ გარემოვაჭრეების განაწყენებას ერიდებიან.

"ვთვლი, რომ მარტო ალტერნატიული ფართის შეთავზება არ არის გამოსავალი და ხელისუფლებამ უნდა მიმართოს რადიკალურ ზომებს. აუცილებელია თუნდაც ძალოვანი მეთოდებით ამ საკითხების გადაჭრა. ისინი უნდა ვაიძულოთ, შევიდნენ ალტერნატიულ ფართებში.

გასაგებია, რომ ყველა მათგანს ბანკის ვალი აქვს და დალხენილ ცხოვრებას არავინ გამოჰყავს ქუჩაში სავაჭროდ, მაგრამ ამას არ უნდა ეწირებოდეს უმრავლესობის ინტერესები.

ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოგვარდება ეს პრობლემა. ქუთაისსა და ზუგდიდში ძალით აყარეს მოვაჭრეები. ივნისის დასაწყისში ბათუმში გამოვიდა ქალაქის მერი და განაცხადა, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა. ამ დრომდე არათუ აკრძალვა, სიტყვიერი გაფრთხილებაც არ ყოფილა. ვფიქრობ, სრულიად საფუძვლიანია იმის მტკიცება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ერიდება სიტუაციის დაძაბვას. მთლიანობაში, იგი მრავალი ქალაქის პრობლემა. გარევაჭრობა თუ აიკრძალა, ეს წაადგება ხელისუფლების ავტორიტეტს მოსახლეობაში, მაგრამ ამ ეტაპზე მშვიდად ცდილობენ არჩევნებისწინა ვადის გადაგორებას, სანამ ახალი მერებისა და გამგებლების არჩევა მოხდება", - დასძენს პაატა აროშიძე.

ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ ზუგდიდში გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს. გარემოვაჭრეები გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა.

"ჩვენს სამუშაო ადგილებს ვუბრუნდებით. რაც შეეხება წყალმომარაგების მშენებლობას, ხუთი დღე გაგრძელდება და მერე ისევ ჩვენს ადგილს დავუბრუნდებით. ჩვენი პროდუქცია უნდა მოვძებნოთ, ზოგი შენახულია, დახლები გადაყრილია", - განაცხადეს გარემოვაჭრეებმა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა გია გულორდავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ამ ადამიანების მძიმე სოციალური პირობები და მისცა მათ ბაზრის გვერდით ვაჭრობის უფლება.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, გვიან ღამით ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა კუთვნილი დახლების დემონტაჟი საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელა. ამის გამო, უკვე გუშინ დილას ზუგდიდის მერიასთან შეკრებილი გარემოვაჭრეები მერსა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან შეხვედრას და მათი კუთვნილი სავაჭრო პროდუქციის დაბრუნებას ითხოვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×