ყველა ტიპის საწვავის ფასმა 2-5 თეთრის ფარგლებში მოიმატა
მარი ჩიტაია
25.08.2017

საწვავი ქართულ ბაზარზეც გაძვირდა. თითქმის 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის შემცირების ტრენდი იყო შენარჩუნებული. რამდენიმე დღის წინ საწვავის საბითუმო გაიზარდა, რასაც მალევე უპასუხეს არაბრენდირებულ ქსელებში და უკვე არაბრებდირებულ სექტორში მოახდინეს საფასო ცვლილება.

აბსოლუტურად ყველა ნავთობპროდუქტი 2-5 თეთრის ფარგლებში გააძვირეს.

არსებული მონაცემით, "პლატცის" ფასი უცხოურ ბაზრებზე 1 ტონა ბენზინზე შეადგენს 543 დოლარს, ხოლო დიზელი 476 დოლარი ღირს. რაც შეეხება საბითუმო ფასს, დიზელ 1,60 ლარი, ხოლო ბენზინის ღირებულება 1,66 ლარია.

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

ქართველი იმპორტიორები საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზად სწორედ საერთაშორისო ფასს განიხილავენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, უცხოურ ბაზრებზე ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ფასმა იმ დოზით მოიმატა, რომ ჩვენთან 5 თეთრიანი საფასო ცვლილება გარდაუვალი გახდა.

იმპორტიორების ვარაუდით, თუკი ლარის კურსი სტაბილურად შენარჩუნდება, ფასები არ გადაიხედება, ცხადია, თუკი საერთაშორისო ფაქტორიც ხელს შეუწყობს.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქართველ იმპორტიორებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

"ჩვენ ვამბობდით, რომ ჯერ არ მოიმატებს ფასი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ არ მომატებდა. პირველ ეტაპზე საბითუმო ბაზარზე მოხდა ცვლილება, შემდეგ არაბრენდირებულ სექტორშიც გააძვირეს და ბოლოს უკვე არაბრენდირებულ ქსელებშიც მიიღეს საწვავის გაძვირების გადაწყვეტილება. ფასები საერთაშორისო ბაზრებზე რომ შემცირებულიყო, აქაც განსხვავებული ვითარება გვექნებოდა, მაგრამ "პლატცის" მიხედვით ფასმა მოიმატა და ამან ქართულ ბაზარზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა. ცვლილება ძირითადად მაინც  ოპეკ-ის წევრი ქვეყნების შეთანხმებული პოლიტიკის გამოა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და შემდეგშიც ბევრი შეხვედრა მოეწყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ როგორ ასრულებს ამ ვალდებულებას. მწარმოებლების უმეტესობა ბაზარზე გამოდის ერთნაირი პოლიტიკით, რომ მიწოდება შეამცირონ. აქ არ არის საუბარი მასშტაბურ გაძვირებაზე, მაგრამ რაღაც დოზით კლება დაფიქსირდა - თუკი ბოლო პერიოდის განავლობაში ბარელი ნავთობის ღირებულება 50-იან ნიშნულზე დაბლა იყო, უკვე გადასცდა ამ მაჩვენებელს. მთელ ამ პროცესში, ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ფასმა იმ დოზით მოიმატა, რომ ჩვენთან 5-თეთრიანი საფასო ცვლილება გარდაუვალი გახდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. იმპორტიორების საფასო პოლიტიკა საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დაკავშირებული. ცხადია, ლარის კურსის გავლენაც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუკი ორივე ფაქტორი იქნება სტაბილური, საწვავის შემდგომი გაძვირება ჯერჯერობით არ უნდა ვივარაუდოთ", - განაცხადა მთვრალაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

იმპორტიორების ვარაუდით, თუკი ლარის კურსი სტაბილურად შენარჩუნდება, ფასები არ გადაიხედება, ცხადია, თუკი საერთაშორისო ფაქტორიც ხელს შეუწყობს.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქართველ იმპორტიორებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

"ფასების ცვლილებების ფაქტორი ყოველთვის ცნობილია, ეს არის საგარეო ფასი და შემდგომ უკვე შიდა ფაქტორი - ლარის კურსი. ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილურია ორივე მიზეზი, რამაც შეიძლება საწვავის ფასი განსაზღვროს. ბოლო პერიოდამდე საწვავის ფასს საგრძნობი ცვლილება არ განუცდია, თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ რყევას. დღეის მდგომარეობით, არაბრენდირებულ ქსელებში ცოთატი ნაკლებია ფასი, ვიდრე ბრენდირებულ ქსელებში. თუმცა, ფასმა ორივე მიმართულებით მოიმატა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ლარის გამყარების დინამიკა, სტაბილურობას შეინარჩუნებს, ჩვენი ფასები უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ გადაიხედება", - აცხადებს იაკობიძე.

როგორც უცხოელი ანალიტიკოსები განმარტავენ, დღეს ნავთობის ფასის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი აშშ-ის ნავთობისა და ბენზინის მარაგები გახდა.

ქვეყნის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული სტატისტიკით, ქვეყანაში ნედლი ნავთობის მარაგი 3.33 მილიონი ბარელით შემცირდა. კლება მოსალოდნელზე ნაკლებია, რასაც კვლავ ნავთობზე ფასის კლება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან წინა დღისგან განსხვავებით, ბენზინის მარაგის კლება (1.22 მილიონი ბარელით) დაფიქსირდა.

აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 47.99 დოლარამდე გაიზარდა, "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა კი ბარელზე 52.19 დოლარს მიაღწია.

ცნობილია, რომ ლიბიის უდიდესი, შარარას საბადო გაჩერებული იყო და 23 აგვისტოს ამოქმედდა. თუმცა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო, ნავთობის მოპოვებასა და მიწოდებაში ჩავარდნებია მოსალოდნელი, რაც პერიოდულად, ნავთობის საერთაშორისო ფასებზეც აისახება. შარარას საბადოს დღიური მოპოვების მოცულობამ 280 000 ბარელს მიაღწია. მაგრამ ამ კვირის დასაწყისში მისი გაჩერება გახდა საჭირო, რაც ნავთობსადენის ბლოკადამ გამოიწვია. ცნობისათვის, შარარას გაჩერებამდე, ლიბიის მიერ ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების მოცულობა დღეში მილიონი ბარელი იყო.

ამდენად, როგორც უცხოელი ანალიტიკოსები განმარტავენ, ლიბიის მზარდი მოპოვება-მიწოდება ნამდვილი პრობლემაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციისთვის (OPEC), რომლებიც მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ბარელ ნავთობს აკლებენ. ამგვარად ისინი გლობალურ ბაზარზე მიწოდების სიჭარბის დაბალანსებას ცდილობენ. ლიბია ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობს, რაც OPEC-ის მცდელობას აბათილებს.

მიწოდების შეზღუდვის საკითხზე, OPEC-ის მონაწილე და არაწევრი ქვეყნების მორიგი შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×