ია აბულაშვილი
10.02.2020

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გურჯაანის მახლობლად ტყეში, კახთუბანის ხევში მდებარეობს, ერთ-ერთია ქართლ-კახეთის იმ სამი ეკლესიიდან, რომელიც ჩვილშვილთა დედების მფარველად იხსენიება. რძენაკლული დედები დღემდე მოდიან ტაძარში მოსალოცად და ღვთის შემწეობით განკურნებულნი ბრუნდებიან.

კახთუბნის მონასტერი აგებულია მერვე საუკუნეში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ტაძარი ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს ენისელი მოურავების მფობელობაში იყო. თქმულების თანახმად, რომელიც 1878 წელს ვინმე მელიქსედ ბეგს ჩაუწერია; ერთხელ მაცნეს ამბავი მოუტანია, რომ ტაძარს მტრის რაზმი უახლოვდებოდა. ბერებმა და მრევლმა უმალ თავი შეაფარეს საიდუმლო ოთახს, რომელიც ტაძრის სამხრეთ ფასადთან იყო გახსნილი.

დამალვა ვერ მოასწრო ერთმა ქალმა, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა. შეშინებული აქეთ-იქით ეცა, მაგრამ მტერი უკვე ტაძრის ეზოში იყო. უეცრად ტაძრის კედელი გადაიხსნა და ქალი ჩვილთან ერთად შეიფარა. ქალმა იგრძნო მკერდში რძის მოზღვავება, რძე ისე ეღვრებოდა, რომ კედლის გარეთ გამოჟონა. ამბობენ ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დღემდე ჩანს თეთრი ლაქები.

კახთუბნის მონასტერში დავანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ბეჭდური ხატი, რომელსაც მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღებული მხედრული წარწერა ჰქონდა. 1889 წელს გაზეთი "ივერია" ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ წერდა: "დახატული კაკალზედა, მთლიანად მშვენიერად დაჩუქურთმებული ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქოს ათ გირვანქაზე მეტი იქნება. ეს ხატი სიმაღლით ათი გოჯი იქნება, სიგანით-შვიდი".

1615 წლის შემოდგომაზე შაჰ- აბასი ცეცხლითა და მახვილით შემიოჭრა კახეთში, ააოხრა სოფლები და მონასტრები, დარბევას ვერ გადაურჩა კახთუბნის მონასტერიც. მაგრამ ბერებმა მოასწრეს ღვთისმშობლის ხატის გადამალვა. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ხატი კახთუბნიდან წამებულის მონასტერში წმინდა გიორგის ეკლესიის სვეტში დაემალა. ბერებმა მაშინვე აღასრულეს ღვთისმშობლის ნება.

ორი საუკუნის შემდეგ, მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მონასტერში მცირე საძმომ დაიწყო მოღვაწეობა, ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს, მაგრამ ვერ მიაგნეს. ერთ ღამეს ღვთისმსახურს ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა "ამა და ამ ადგილას ვარ დატყვევებული და დამიხსენითო".

მეორე დღესვე მამები გაემართნენ წამებულის მონასტრისკენ და წმინდა გიორგის ეკლესიის სვეტში მიაგნეს ღვთისმშობლის ხატს. იმავე დღეს საზეიმო სვლით ბერებმა ხატი კახთუბნის მონასტერში გადმოაბრძანეს. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრების დარბევა და ძარცვა დაიწყეს, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დაიკარგა.

გაზეთ "ივერიის" ცნობით, კახთუბნის მონასტერში ასევე დაცული იყო ვერცხლის საცეცხლური, რომლის წარწერითაც ირკვევა, რომ იგი იმერეთის მეფის სოლომონის დას მარიამს შეუწირავს. აქვე ინახებოდა ქეთევან დედოფლის ბრძანებით გადაწერილი პარაკლიტონი. სახარება, რომელიც ეტრატზე იყო ნაწერი და დართული ჰქონდა მახარობელთა მინიატურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×