რეზონანსი
05.02.2021

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ.

„ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა" - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სასულიერი პირების მიმართ სხვა დროსაც არაერთი ცილისწამება, მძიმე ბრალდება თუ სიუჟეტი გავრცელებულა და „ეს სიუჟეტიც ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა".

„უკანასკნელ პერიოდში გაისმის სხვადასხვა ბრალდება, რომლებიც მოკლებულია რეალურ საფუძველს და რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანია - ფაქტობრივ მოცემულობას. ამგვარ განცხადებებში არ ჩანს ფაქტები, რომელთაც განცხადების გამავრცელებელი ეყრდნობა. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მიმართულია სასულიერო პირების არაქონებრივი უფლებების შელახვისკენ. თითოეული ასეთი ფაქტების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ცილს წამებს მათ" - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ევროპული ღირებულებების გააზრება, რაზედაც ხშირად სწორედ ცალკეული მედიასაშუალებები აპელირებენ, უპირველესად, გულისხმობს იმგვარ სამართლებრივ მოწესრიგებას, რაც, ერთი მხრივ, მედიას საშუალებას მისცემს, გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი უფლებების დარღევის შემთხვევაში, როგორიცაა ღირსების უფლება, შესაბამისი პირისთვის უფლების დაცვის მოქნილ მექანიზმს განსაზღვრავს.

„აღნიშნული საკითხის არასრული და არასათანადო სამართლებრივი მოწესრიგების გამო, ცალკეული მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებსა და უპირატესად - სასულიერო პირთა ღირსებას თუ რეპუტაციას, რისი მკაფიო მაგალითიც აღნიშნულ სიუჟეტში მიტროპოლიტ საბასა და მიტროპოლიტ თეოდორეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია" ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×