რეზონანსი
05.02.2021

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც "დღის კურიერის" ეთერში ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან დაიწყო მზადება, რომ სკოლები ყველა აუცილებელი რესურსით ყოფილიყო აღჭურვილი, რითაც მოზარდების უსაფრთხოება იქნებოდა დაცული. 

"მაღალი მოლოდინი გვქონდა იმისი, რომ 15 სექტემბერს ჩვენი მოსწავლეები წავიდოდნენ სკოლაში, შესაბამისად, მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ყველა საჭირო რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, გაგვეთვალისწინებინა, გარდა ამისა, ჩვენ მათთან ერთად ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული ყველა ის საჭირო რესურსი, აღჭურვილობა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უფლება სკოლის სივრცეში იყოს დაცული,“ - განაცხადა ეკა დგებუაძე. 

მინისტრის მოადგილის თქმითვე, სკოლებში მოწესრიგდა სველი წერტილები, 800 სკოლა გარემონტდა და საპირფარეშოები ეზოდან შენობაში გადავიდა. მისივე თქმით, სველი წერტილების მოწესრიგებაში იგულისხმება ის, რომ ჰიგიენა-სანიტარიისთვის აუცილებელი სტანდარტი დაცული იყოს.

"რაც შეეხება სველ წერტილებს, რა თქმა უნდა, ამის იდენტიფიცირება ჩვენ არა მარტო ზაფხულში, არამედ გაზაფხულზევე გავაკეთეთ და სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ძალიან ბევრ სკოლაში იყო სველი წერტილი ეზოში და არ იყო წყლით მომარაგება. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით დავამტკიცეთ სკოლის მოვლა-პატრონობით წყლის მომარაგების დოკუმენტი. პირველი ნაბიჯი გადავდგით ის, რომ 800 სკოლა გავარემონტეთ და საპირფარეშოები შევიტანეთ სკოლის შენობაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე დგებუაძის თქმითვე, მკაცრი მითითებაა, რომ მოსწავლეებს შორის ერთ მეტრიანი დისტანცია დაცული იყოს. თუმცა, სადაც ვერ ხდება ამის დაორგანიზება, იქ განსხვავებული მოდელებით დაიწყება სწავლა. მისივე თქმით, სკოლას აქვს უფლება, სასწავლი დღე დაიწყოს იმ დროს, როდესაც თავად განსაზღვრავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×