რეზონანსი
16.04.2021

პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორის შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას „პიარ“ ნაბიჯად აფასებს.

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც დოკუმენტში წერია. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ოპოზიცია აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და „მასზე ხელმოწერა კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“.

„არ მგონია, რომ ამ დოკუმენტზე ოპოზიციიდან ვინმემ ხელი მოაწეროს, მათ შორის იმიტომ, რომ იქ არის ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო - ეს არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული მუხლი და ხელახალი არჩევნების შესახებ პუნქტი, რაზეც უბრალოდ ჩანაწერია, რომ ვერ ვთანხმდებით წინა არჩევნების ჩატარების შეფასებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს მომგებიანი ნაბიჯია, არ მესმოდა, რატომ აქამდე არ აკეთებდნენ ამას და მოლაპარაკების ბოლო შეხვედრაზე რატომ არ გადადგეს ეს ნაბიჯი. არ ვიცი, ალბათ, ახლა ვიღაც ჭკვიანს კითხეს და იმან ურჩია, რომ მომგებიანი იქნებოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

„ოცნების“ მხრიდან ხელმოწერა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმის დემონსტრირებას, რომ თითქოს ისინი მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც იქ წერია, იქ კი ბევრი არაფერი წერია. მათ ზუსტად იციან, რომ ამ დოკუმენტზე ოპოზიცია ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, მათი ერთადერთი მიზანია, რომ საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინონ პოზიტიურ ჭრილში, მეტი არაფერი. ისიც კი არ მჯერა, რომ ისინი ცალმხრივად მაინც შეასრულებენ რამეს, რაც იქ წერია.

აქედან დარჩება ის, რომ „ოცნება“ გამოჩნდება კონსტრუქციულ ძალად, რომელიც დათანხმდა ევროპელების მიერ შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერას და ეს ოპოზიციისთვის ნაკლებად იქნება მომგებიანი, ალბათ. ასე მგონია, თავიდან ბოლომდე პიარია, მეტი არაფერი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს თუ ხელს მოაწერს, ძალიან ცუდს გააკეთებს პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. "მგონია, რომ ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად „გაბლატავდება“, კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგვაგდებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება თალაკვაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის თანახმად, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, „ქართული ოცნება“ [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს განიხილავს, ჯაფარიძე ამბობს, რომ პლებისციტის ჩატარება გამოსავალია, თუმცა ეს საკითხი არცერთ სხვა ცვლადს არ უნდა მიებას.

„თუ ჩვენ გვაინტერესებს, მოქალაქეებს უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნები, მაშინ მათ ეს კითხვა უნდა დაესვათ პირდაპირ. თუ შეფასებებში აცდენილი ვართ და ერთი მხარე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძახის, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა და მეორე ნაწილი, „ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის პლებისციტის ჩატარება, ოღონდ კითხვა უნდა დაისვას პირდაპირ და არ შეიძლება ამ საკითხის მიბმა რაიმე სხვა ცვლადზე.

თავის დროზე, როდესაც ეს იდეა გამოაგდო „ქართულმა ოცნებამ“ მაშინაც საჯაროდ არაერთხელ დაადასტურა ოპოზიციამ, რომ ეს არასწორი იქნებოდა და არავინ თანხმდებოდა. ეჭვი მაქვს, ახლაც ასე იქნება.

თუ გვინდა ადგილობრივ არჩევნებთან მომავალი ხელახალი არჩენების დაკავშირება. ერთადერთი სწორი გზა ადგილობრივ არჩევნებზე დამატებითი ბიულეტენის შემოღებაა, სადაც იგივე ამომრჩეველს დაესმება კითხვა - მხარს უჭერთ თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარებას“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )