რეზონანსი
10.05.2021

პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს.

როგორც უგულავამ განმარტა, ახლა მთავარია ოპოზიციამ ანახოს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია.

„ახლა გეგმებზე საუბარი არალოგიკურია, გეგმებს სჭირდება მსჯელობა. სამსჯელო ოპოზიციას გვექნება ძალიან ბევრი. ბევრი რამე გაჟეჟილია, რაც გაჟეჟილია და გამთელებას ექვემდებარება უნდა გამთელდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრების ეს ეტაპი დასრულდა. არავის არ გვქვს ილუზია, რომ ხვალ ახალი პოლიტპატიმრები არ გვეყოლება. ვერც 8 მარტის შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო, და ვერც ეს შეთანხმება ვერ უზრუნველყოფს, რომ ივანიშვილს რაც ჩვევად აქვს, ამ ჩვევაზე აიღოს ხელი. ფაქტი არის, რომ ეს 43% კიდია ჰაერში. ყველა ოპოზიციისა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ქვემოთ დარჩეს. ახლა მთავარია ოპოზიციამ ანახოს, რომ შეუძლია კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, თანადგომა ერთმანეთის, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. ამის პოტენციალი აქვს დღეს ნიკა მელიას. ვისაც დღეს ოდნავ მაინც პოლიტიკა ესმის, იცის რა არის პოლიტიკური მომენტუმი, ეს აქვს მას ქართველი ამომრჩევლის მხრიდან. მას შეუძლია დღეს ითამაშოს ეს გამაერთიანებლის როლი“,- განცხადა გიგი უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტი უნდა შევიდეს.

„ერთი ყველაზე დიდი პარტია დარჩენილია ბოიკოტის რეჟიმში, ჯობია რომ შევიდეს პარლამენტში. გარკვეული წინაპირობები არის. პარლამენტში შესვლას არანაირი ხელისმოწერა არ სჭირდება. ყველაფერი დაიწყო გავრილოვის მერე პროპორციულის გადაგდებით, ამას მოჰყვა დაჭერები და რეპრესიები. შემდეგ 8 მარტი, სადაც ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი მოივაჭრა. ამ 30 მაჟორიტარიდან მანიპულაცია გაუკეთა სხვადასხვა დარღვევებით 2020 წლის არჩევნებს. ამიტომ, ახლა ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია. სრულად პროპორციული უნდა გახდეს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, ისევ იგივე 30 მაჟორიტარი გვეყოლება. ამიტომ მე ვფიქრობ თვითონ პარტიამ უნდა გაწყვიტოს. ჩემი აზრით, ახლა ბოიკოტი არის უკვე წარსული. ეს არაფრით ლეგიტიმურს არ ხდის ამ პარლამენტს. ჩვენ ამ პარლამენტს უნდა შევხედოთ როგორც თავმოხვეულ ბოროტებას. უნდა შევხედოთ ინსტრუმენტს , რომლიდანაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა გამოვადნოთ.

როდის იქნება რიგგარეშე, ჩემი აზრით გინდა უნდოდეს ოპოზიციას და არ უნდოდეს ხელისუფლებას ან პირიქით. როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები ჩვენ ქვეყანაში გარდაუვალია. უბრალოდ ეს რიგგარეშე უნდა იყოს პროპორციული, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩვენების გზით ჩამოშორდეს. 30 მაჟორიტარი და ეს მამაძაღლობა არის ფორა, რომელსაც ივანიშვილი ყოველთვის იტოვებს და ეს ფორა მას არ უნდა დავუტოვოთ“,- აღნიშნა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×