რეზონანსი
11.05.2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან.

"საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება.

სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სადაც დღეს მორიგი ტესტირება სამინისტროს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

სკოლაში როგორც მასწავლებლების, ასევე, მანდატურების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებით მიმდინარეობს.სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ უწყვეტად განახლდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×