რეზონანსი
14.05.2021

ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც იქნება. ჩვენ პარლამენტის ტრიბუნა სწორედ იმისთვისაც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და მისი მობილიზაცია მოვახდინოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" ერთდროულად იქნება როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ქუჩის ოპოზიცია.

„გაცილებით გაგვიჭირდება ამ საპროტესტო მუხტის მობილიზება, თუ ჩვენ არ ვიქნებით პარლამენტში. დღეს ეს მოცემულობა დადგა და ამ მოცემულობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენ ჩათრეული ვართ პოლიტიკური კრიზისის პროცესში და დროზე უნდა დასრულდეს, რომ რეალურად დავიწყოთ ხალხის პრობლემებზე მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისკენ წავა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ არის, ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლეულია", - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ქუჩის აქციებს და მის მოთხოვნებს, როგორც უდუმაშვილი განმარტავს, მოთხოვნა უცვლელი რჩება.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი დეპუტაცია მუდმივად იყო პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ქუჩის აქციები არ იმართებოდა. ცოტა არის მიზეზი „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აქცია გამართო? რა ხდება ქვეყანაში? რა ეკონომიკური პირობებია, გაღატაკებული მოსახლეობაა. პარლამენტში ჩვენ შევდივართ იმისთვის, რომ ეს პრობლემები წინა პლანზე დავაყენოთ. ოპოზიცია ამ პრობლემებს ვერ აგვარებს, ამას აგვარებს ხელისუფლება. ჩვენ ბუნებრივია ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ქუჩის ოპოზიცია. ვიდრე ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება", ეს ორივე სეგმენტი უნდა იყოს ძალიან აქტიურად გამოყენებული. ვერც მარტო საპარლამენტო მუშაობა და ვერც მარტო ქუჩის პროტესტი ვერ მოაგვარებს ამ ვითარებას, ვფიქრობ, ორივე ერთად უნდა იყოს წამოდგენილი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×