რეზონანსი
10.06.2021

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

ეს არის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა. სამივე მოსმენით განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში გაიმართა და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გაჩერდა.

პროექტი, მესამე მოსმენით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე - 77 მომხრე, 2 - წინააღმდეგი, გავიდა.

როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, კანონპროექტთან დაკავშირებით დაახლოებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ საელჩოები, რომელთა დახმარებითაც პროექტი შემუშავდა.

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციაც აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან", - განაცხადა კახა კუჭავამ.

კენჭისყრის წინ კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.

კანონის პროექტის თანახმად, ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კერძოდ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან. პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×