რეზონანსი
11.06.2021

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონპროექტით კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მედეგობის ხარისხი, ინერგება კომპიუტერული ინციდენტებისა და კიბერშეტევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. ხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია და ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და დაცვის ქმედითი მექანიზმები. კანონპროექტით კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობებიც ძლიერდება", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ კანონის მიღება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მზარდმა ხასიათმა, ბოლო წლებში გახშირებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების კიბერშესაძლებლობების გაძლიერებამ განაპირობა.

„საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი ინტერესით ელოდნენ და რაც მთავარია, მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ცვლილები კიბერსივრცის მეტ დაცულობასთან ერთად, პარტნიორების მხრიდან კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მობილიზებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×