რეზონანსი
11.06.2021

ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც 14 ივნისაა დაგეგმილი, საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დღის წესრიგის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე, მოკავშირეები განიხილავენ საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს.

„მოკავშირეები განიხილავენ მთელ რიგ სხვა საკითხებს მათ შორისაა უსაფრთხოებაზე ჩინეთის შესაძლო გავლენა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და ჩვენი ორმხრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ძლიერ თავდაცვას და დიალოგს. ასევე ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ღირებული პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინისთვის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს "მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ალიანსისა და კოლექტიური უსაფრთხოებისათვის".

სტოლტენბერგმა ისაუბრა სამიტზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ქსელების მდგრადობა. დღის წესრიგში ასევე შეტანილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების ძალისხმევა, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავების გზით და პარტნიორების მომზადებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებით. ლიდერები ისაუბრებენ კლიმატურ ცვლილებებზე და შეთანხმდებიან კიბერ-თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ასევე შეთანხმდებიან ნატოს შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაზე.

"ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან სამოცდაათ წელზე მეტია, ჩვენ სამყაროსთან ერთად ვიცვლებით. ორშაბათს, სამიტზე, ჩვენ გვექნება მასშტაბური დისკუსიები და მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენი ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება დავიცვათ", - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×