რეზონანსი
12.06.2021

შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, პირველი შეხვედრა, სადაც მხარეები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ. დავინახეთ, რომ არსებობს შეხების წერტილები, არსებობს საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია საუბარი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დღეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით გამართული მედიაციის პირველი შეხვედრის კომენტირებისას.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს იყო პირველი შეხვედრა და შესაბამისად, არ იყო იმის მოლოდინი, რომ ყველა საკითხი გადაწყდებოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზეც მხარეები შემდგომში იმუშავებენ.

„მთავარი რაც დღეს მოხდა, ისაა, რომ გამოიკვეთა ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შემდეგ ჩვენ მოგვიწევს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. საუბარი იყო დამატებით შესწავლაზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს – გარემოსდაცვით, კომერციულ შესწავლაზე, რომლებიც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩატარდება და დავინახავთ, თუ რა გავლენა აქვს ამ პროექტს, ან აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ანუ, უნდა მოხდეს სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლა დამოუკიდებელი მხარეების მიერ“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც დავით თვალაბეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო თვლის, რომ ნამახვანი ჰესი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, ის უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უწყების პოზიციაა, რომ ჩატარებულია ყველანაირი კვლევები, ყველანაირი შესწავლები – ჰესი იქნება უსაფრთხო და აქედან გამომდინარე, ის უნდა აშენდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ოპონენტ მხარეებს შორის დღეს კონსტრუქციული საუბარი შედგა რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის და ამისთვის საჭირო ქმედებების შესახებ.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის ჩვენ ეს საკითხი უნდა დავსვათ – ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო, არ ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაბამის უწყებასთან. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოხდება და ასევე მოხდება ის, რომ ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს – „ენკას“ თანამშრომლები და ტექნიკა გააგრძელებენ უპრობლემოდ მუშაობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კომპანია „ენკას“ მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერების საკითხს, როგორც ამას ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნა განხილული და მას მომავალ შეხვედრებზეც დაუბრუნდებიან.

„ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევს პროექტის გაჩერებას საერთოდ და აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებულია სხვადასხვა უმართავ პროცესთან. საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება, აწარმოოს სამუშაოები, მაგრამ ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მომავალში და განვიხილავთ მეორე მხარესთან ერთად. ჩვენ ველით, რომ მომავალ შეხვედრებში, განხილვებში ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპანია „ენკა“ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×