რეზონანსი
17.06.2021

წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გადავარდა.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ორგანო დაზიანებული აქვს.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.

გადავარდნილი მამაკაცის მეზობელი დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციაში სავარაუდოდ, მეზობლებმა დარეკეს, რადგან აღნიშნულ პირსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა.

როგორც მეზობელი იხსენებს, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ და მამაკაცს გაფრთხილებაც მისცეს.

„აქ პირველივე დღიდან ვცხოვრობ, სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მგონი მეუღლეს სცემდა. სახეზე არც ქმარი ვიცი და არც ის გოგო, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი იყო... მერე მგონი, გადავიდნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქტები, ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა თუ რატომ იყო ეს, არ ვიცი. ტირილის ხმა ისმოდა, ვიღაცა ვიღაცას ურტყამდა, არ ვიცი ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ თუ არა, მერე ყველამ გაიგო კორპუსში ეს ამბავი, ყველამ იცოდა, რომ ვიღაცას სადღაც კლავდნენ და აწამებდნენ, რომელიღაც სართულზე. თავიდან ვერ ვიგებდი, ხმა ქვემოთა სართულიდან ამოდიოდა, თუ ზემოდან ჩამოდიოდა, მერე, მეზობელმა თქვა, ქვედა სართულზე არიანო. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ღამე მესმოდა ეს რაღაცები,

მგონი, უბნის ინსპექტორმა შეამოწმა, რეაგირება იყო, თითქოს, გაფრთხილებაც მისცეს, მერე რა მოხდა, არ ვიცი. მე მგონი, მეზობლებმა დარეკეს, იმ უბნის ისნპექტორს ხმა ხომ ვიღაცამ მიაწვდინა, არ მგონია, დაზარალებულს ეთქვა, ჩემი ქმარი მჩაგრავსო", - აცხადებს მეზობელი.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×