რეზონანსი
18.06.2021

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ საუბარი იყო დამატებით თანამშრომლობაზე, თუმცა არ იყო მზაობა იმ დონის და ფორმის, რომ შესაბამისი ჩანაწერები პროკურატურისთვის მიეცათ. როგორც ჩანს, პროკურატურამ არსებულ მასალებზე დაყრდნობით გამოკვეთა, რომ ეს იყო ფაბრიკაცია, მონტაჟი. არ ვარ, პროკურორი და გამომძიებელი, რომ კონკრეტული საკითხების შეფასება დავიწყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, როგორიც იყო არასრულწლოვანი პირის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უკანონო მიყურადება, ყოვლად გაუმართლებელი, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა. „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზიები აგრძელებენ იგივე უკანონო მეთოდების გამოყენებას, ახლა სხვა ფორმით. თუ მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ არის, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუკვეთონ, ექსპერტიზა ჩაატარონ და შესაძლებლობა მისცენ საზოგადოებას, რომ ექსპერტიზა ჩაატარონ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×