რეზონანსი
18.06.2021

„ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინშეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, გზიდან რკინის ღონის აღების გარდა, მათი არც ერთი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.

რაც შეეხება რიონის ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია უარს აცხადებს საპროტესტო აქციების მონაწილეების იქ შესვლაზე, ამიტომაც ისინი გუმათში რჩებიან. გოლეთიანის თქმით, პროტესტს იმავე ფორმით აგრძელებენ.

„გარდა იმისა, რომ ბარიკადებია აღებული, არც ერთი სხვა მოთხოვნა არ შესრულებულა. ვისაუბრეთ ზოგადად და მხარეების მხრიდან სხვადასხვა არგუმენტები იყო დაყენებული შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობებია, არ არის შესრულებული. რაც შეეხება ჩვენს შესვლას ხეობაში, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა პოზიცია, რომ თურმე კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე, ანუ ამბობს, რომ მისი კერძო საკუთრებაა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია ცნობილია - როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება. ამიტომ ჩვენ მეათეხარისხოვან ადგილებზე ვერ შევალთ და დავრჩებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას.

პროტესტი გრძელდება ჩვეულებრივ, კომპანიის ტრანსპორტისთვის ხელის შეშლის ჩათვლით, ვიდრე შინაარსობრივად არ წავა ჩვენი პროტესტი წინ. ანუ ბარიკადი აღებულია, თუმცა ვირტუალური ბარიკადი დევს, ჩვენ მაინც ვერ ვახერხებთ გადასვლას მეორე მხარეს, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენი პირობები, თუ ამ ბარიკადის აღებით ჩვენთვის არაფერი შეიცვალა? ამ ლოგიკიდან გამოვდივართ და ამაზე ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზეც. ეს პირობები თუ არ შესრულდება, ვერ გადავალთ მედიაციის პროცესზე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×