რეზონანსი
22.06.2021

რეზოლუციის ჩანაწერი, რომ თითქოს 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები არის მოღალატეობრივი და ამის მხარდაჭერა, ბუნებრივია მოღალატეობრივია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" მისი გუშინდელი განცხადება „მწარე" აღმოჩნდა და ამიტომ პარტიის წევრები დღეს თავის გამართლებას ცდილობენ. მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობას" უნდა საზოგადოებას დააჯეროს, რომ ცივილიზებული სამყარო რეზოლუციაში სიტყვა „ოკუპაციას" არ ჩაწერდა და რუსეთს არ დაადანაშაულებდა, თუ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს იმას, თითოს საბრძოლო მოქმედებები საქართველომ დაიწყო.

„ისინი დღეს (გადაწყვეტილებას) ამართლებენ იმით, რომ იქ „ოკუპაცია" და კარგი რაღაცები ეწერა. კი ბატონო, მაგრამ რა უნდა დააჯერონ ქართულ საზოგადოებას, რომ თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო არ ჩაწერდა იქ „ოკუპაციას" და რუსეთს არ დაადანაშაულებდა იმაში, რაც მათ გააკეთეს იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ჩაწერდნენ და მხარს არ დაუჭერდნენ იმას, რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები? ამას გვაჯერებენ? წარმოუდგენელი და პიარული თავხედობაა ის, რომ „გააპრავო" მოღალატეობრივი საქციელი. რაც შეეხება ისკანდერის ნაწილებს, ისკანდერის ფრაგმენტი იყო თუ კოვიდის ახალი შტამი, რომ წლები სჭირდებოდა მასზე ექსპერტიზას. არც ექსპერტიზის საბუთი არსებობს, ვერ იარსებებს - ეს არის მტკნარი სიცრუე, არც ექსპერტიზის დადგენილება ან რაღაც ფორმა ან მიმართვა არსებობს, უბრალოდ ისკანდერის ნაწილი იყო გამქრალი და წლები მოუნდა „ ქართული ოცნების" ხელისუფლება მის მოძიებას, კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოტანილი და შემდეგ წარდგენილი მტკიცებულების სახით. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ იმ ადგილას იყო ახალი მოფიქრებული ტყუილი იმისთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი მტკიცებულების არარსებობა და არ წარდგენა საქმეში რამენაირად ასევე გაპრავდეს მათი მხრიდან" - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეუძლებელია ამის გამართლება, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად იყო მოცემულობა, როდესაც ინფორმაციის, ლოგიკის და კონკრეტული კვალის მიდევნების საფუძველზეც კი წლები დასჭირდა მის მოძიებას და წარდგენას.

„4 წელია ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ და ახლა ეტკინათ, როდესაც მათი არხის ეთერში ვთქვი ეს ყველაფერი, ამიტომ არის დღეს ისტერია ატეხილი. რამე რომ ჰქონოდათ, ერთ დოკუმენტს მაინც წარადგენდნენ, მიმართვას. ეს ხომ არ არის მტკიცებულება, რომ მოდი ერთი ექსპერტიზა დამინიშნე, რომ ვინმემ ხელიდან ხელში მიაწოდოს ვიღაცას. ან მიმართვა უნდა იყოს, ან ექსპერტიზა, ან დადგენილება, ან რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს, რომლითაც დამაგრება ხდება პროცესუალური. არა, უბრალოდ იქ იყოო, იმ ადგილზეო" - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ აქვე რეზოლუციის პუნქტები გაიხსენა.

„მე-4 პუნქტში წერია რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, მოულოდნელი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ომის დაწყება. იქვე მე-5 პუნქტში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალებმა თითქოს დაბომბეს ცხინვალი კასეტური ბომბებით. ამას დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობის" ექვსმა წარმომადგენელმა, თუ სწორად მახსოვს, მაშინ როდესაც მათი მხარდაჭერის გარეშეც კი რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. მათი მხარდაჭერა და მათი დასტური იყო მოღალატეობრივი, იმიტომ რომ მათ ტყუილი დააბრალეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს ასე არ იყო და მათ თქვენზე და ჩემზე კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მაშინ პროცესის მონაწილეები გახდნენ. რა გააკეთეს ქართველმა სამხედროებმა, მათი ინიციატივა რომ არ ყოფილა ომის დაწყება და კასეტური ბომბებით მშვიდობიანი მოსახლეობა რომ არ დაუბომბავთ, ეს მათ იცოდნენ და ამას მხარი დაუჭირეს. ახლა ჩვენ კიდევ ვცდილობთ რამის გამართლებას?" - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე ამ თემაზე ოპოზიციური მედია საუბრობდა.

„თქვენი კოლეგები იყვნენ ამისი წყაროები და იმიტატორები. გახსოვთ, დერეფნებში დასდევდნენ დეპუტატებს, ვინ დაიწყო ომი და წლები მიდიოდა პროპაგანდა იმის გადასაფარად, რაზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ და რაც გუშინ „მთავარი არხის" მაყურებლისთვისაც გახდა ცნობილი" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×