რეზონანსი
22.06.2021

საქართველოს პარლამენტში ცხელი პოლიტიკური ზაფხული გრძელდება, სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ამჯერად იმ რეზოლუციას მოყვა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო.

"ქართული ოცნების" განმარტებით მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ცხინვალში საბრძოლო მოქმედებებისას კასეტური ბომბები გამოიყენა.

მმართველი გუნდის ბრალდებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოყვა. პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთი ქვეყნის ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს.

რეზოლუციაზე ხელმოწერა, განსხვავებულად აღიქმება პოლიტიკურ ოპონენტებში. იმ დოკუმენტის მხარდაჭერა, რომელშიც საუბარია რომ საბრძოლო მოქმედებები ცხინვალში ქართულმა მხარემ განახორციელა, ქვეყნის ღალატია მმართველი პარტიის წევრებისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიიჩნევენ, რომ 2008 წლის რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვება იყო.

ქვეყნის ღალატის გარდა, მმართველი პარტიის ლიდერები "ნაციონალურ მოძრაობას", აგვისტო ომის მტკიცებულებების გაქრობაშიც ადანაშაულებენ. საუბარია კასეტური ბომბების ნარჩენებზე. "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით მტკიცებულებები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნიდან გაიტანეს. აკრძალული იარაღი რუსულმა მხარემ გორის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა, შედეგად გარდაიცვალა 12 და მძიმედ დაშავდა 40 მშვიდობიანი მოქალაქე.

საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. 2008 წლის ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×