რეზონანსი
26.07.2021

საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია დაიწყო. 1 კგ პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3-3,50 ლარია, თუმცა სეზონის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ დაკორექტირდება.

თხილის საპროგნოზი ფასი წელს 9-10 ლარია. როგორც თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, შარშანდელთან შედარებით, მოსავლიანობა გაზრდილია და ხარისხიც უკეთესია, რაც, ძირითადად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დამსახურებაა.

,,მეთხილეობაში გარკვეული წარმატება მიღწეულია და ეს შედეგი სეზონის ბოლომდე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. შარშანდელი მოსავალი ტენიანი იყო უხვი ნალექის გამო. წელს მშრალი ამინდებია და ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა. ხარისხიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა მასიურად რომ ხდებოდეს წამლობა, ბევრად კარგი შედეგი მიიღწევა. არიან ოჯახები, სადაც თხილი სეზონის განმავლობაში საერთოდ არ შეწამლულა. მიუხედავად ამისა, ნორლამური სეზონია, 3-3,50 ლარის ფარგლებში მერყეობს ფასი, რაც საწყისი ეტაპისთვის კარგია. სეზონის ბოლომდე ფასი კიდევ შეიცვლება. ჩვენი პროგნოზით, წელს 3 დოლარზე ნაკლებად თხილი არ უნდა გაიყიდოს. ეს ნიშნავს, რომ გლეხები მოსავალს სულ მცირე, 10 ლარად ჩააბარებენ, ამდენი ღირდა თხილი ფაროსანამდეც, - ამბობს ,,კომერსანტთან" საუბარში წალენჯიხაში მდებარე საწარმო ,,ჯეო დემოს" დირექტორი შოთა ჯანჯღავა.

სეზონის დასაწყისში თხილის ფასით და ხარისხითაც დასავლეთ საქართველოს ფერმერები კმაყოფილი არიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათში მცხოვრებ ვახო ბესელიას თქმით, საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის შეგროვება დაიწყო, ხოლო სეზონი დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

,,ამინდის გავლენა ხარისხს დაეტყო, მშრალი თხილია, რის გამოც წელს მოსავლის აღება ადრე დავიწყეთ როგორც ქვედა, ასევე მაღალი ზონის სოფლებში. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით 3,50 ლარამდეა, ეს არის ნედლი პროდუქტი, რაც ნიშნავს, რომ 1 ტონა თხილის წონა სინამდვილეში 700-800 კგ.-ს უდრის. მოსავალი შარშანდელთან შედარებით მეტია, ჯერჯერობით არც ფასია ურიგო, წინა წლებში, ზუსტად ამ დროს, ხალხი თხილს 2,50 ლარზე ძვირად ვერ ყიდდა ", - ამბობს ფერმერი ,,კომერსანტთან".

სათხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, თხილის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 70 000 ტონას შეადგენს, რაც ფაროსანამდელ პერიოდსაც კი აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×