რეზონანსი
30.07.2021

მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ მორიგი მნიშვნელოვანი კრიზისი უდგას, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება არ მგონია, რომ პოზიტიურ როლს ასრულებდეს იმ საერთო მიზნების მიღწევაში, რაც არის ხელისუფლების ცვლილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის პოლიტიკური წინსვლა დამოკიდებული უნდა იყოს ინსტიტუტებზე და არა – კონკრეტულ ადამიანებზე.

„ამ ქვეყნის პოლიტიკური წინსვლა დამოკიდებული უნდა იყოს ინსტიტუტებზე და არა – კონკრეტულ ადამიანებზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ბევრი ადამიანი, ვისთვისაც ეს ადამიანი სულ მცირე კონტრავერსიულია. ამიტომ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ მორიგ კრიზისში შედის, ხოლო ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი, არ მგონია, პოზიტიურ როლს ასრულებდეს მორიგ ჯერზე გაკეთებული განცხადება, რომ დაბრუნდება საქართველოში. მისი დაბრუნება არაერთ ადამიანში შეიძლება, იწვევდეს ძალიან არასასიამოვნო მოგონებებს თუ ემოციებს. ამიტომ ვფიქრობ, ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არა ლაპარაკი, არამედ საქმის გაკეთება. საქმის გაკეთება გულისხმობს, რომ მრავალფეროვანმა ოპოზიციურმა სპექტრმა რაც შეიძლება ეფექტურად ვიმუშაოთ, რათა დაანონსებული ეროვნული რეფერენდუმი შედგეს და მოქალაქეებმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგათ წინ იმით, რომ ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს მერამდენედ ღალატობს, დარჩეს წარსულში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, სახალხო რეფერენდუმის წინ შესარულებს.

„ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×