რეზონანსი
15.09.2021

მინდა სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი, ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „ცენტრ პოინტთან“ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

მემორანდუმი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის საკრებულოში გაფორმდა.

„ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ბევრი რამის გამო. დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა.

და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია; უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია; ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე...

უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა. ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ, რა შედეგი მოაქვს ქაოსურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქსა და საკუთარ მოქალაქეებზე.

ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. გაძლევთ პირობას, ეს არასდროს განმეორდება, არასდროს დაბრუნდება თბილისში ის განუკითხაობა, რასაც ადგილი ჰქონდა წლების წინ.

რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას. მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხითა და დათქმულ ვადებში.

თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთები, როგორიცაა „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი. ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება. თუმცა, პირველი დღიდანვე ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულითა და მასშტაბებით უპრეცედენტოა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებსა და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ.

ჩემო მეგობრებო, „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო და ამ ოჯახების მსგავსად ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერა არიან დაზარალებულები და მათ პრობლემებსაც მოვაგვარებთ.

„ცენტრ პოინტთან“ მიმართებით, შემუშავდა კონკრეტული გეგმა, გაიყო ობიექტები სარემონტო და ასაშენებელ კატეგორიებად. სარემონტო კორპუსებისთვის დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, დასრულდა პროექტები და ნებართვები, ტენდერით გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, შეიქმნა სპეციალური ფონდი და დღეს უკვე ყველა ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები.

რაც შეეხება ასაშენებელ ობიექტებს, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, ინვესტორების მოძიების მიზნით. ამჟამად ყველა ობიექტზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან მზადდება სანებართვო პროცედურები.

ასევე, დასრულდა აქტივების გადაცემა ინვესტორებზე, რათა გამორიცხული იყოს ნებისმიერი რისკფაქტორი. ჩვენ მივესალმებით ამ კომპანიებს და დღეს ხელს ვაწერთ მათთან თანამშრომლობის მემორანდუმებს. ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმები კომპანიებთან, რომლებმაც უნდა დაასრულონ სარემონტო სამუშაოები ან გამონაკლისების ფარგლებში მოახდინონ ობიექტების აშენება. ამით არა მხოლოდ გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, არამედ გავზრდით მონიტორინგს ხარისხსა და ვადებზე. ასე რომ, გილოცავთ ყველას, პირველ რიგში გილოცავთ დაზარალებულებს!

ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები! ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ რთულ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით კი ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს!

მადლობას ვუხდი ყველა იმ კომპანიას, რომელმაც საკუთარი ქალაქის და თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ითანამშრომლა თბილისის მერიასთან და მზადაა, დაკისრებული ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×