რეზონანსი
19.10.2021

საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.

„დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე", - აღნიშნა კოლომინამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა.

„მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში", - განაცხადა კოლომინამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×