რეზონანსი
21.10.2021

დღეს სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ნარიმანიძის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ტრაილერის მძღოლს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. ნარიმანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ნარიმანიძეს სააკაშვილთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია:

"29 რიცხვში ელგუჯა ცომაია დაუკავშირდა გიორგი ნარიმანიძეს და სთხოვა, რომ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულიყო მისი ტრაილერი და ასევე სთხოვა მასში არსებული პროდუქტების დარიგება თბილისში მფლობელებისათვის. ამის შემდეგ ნარიმანიძე ჩავიდა და წამოიყვანა ტრაილერი თბილისში. ეს იყო და ეს. მას ყოფილ პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია,"- აცხადებს გიორგი ნარიმანიძის ადვოკატი გოგა გოგინავა.

ამ საქმეზე ამ დრომდე დაკავებული იყო სამი ადამიანი. კერძოდ: მამა-შვილი წოწორიები და ელგუჯა ცომაია, რომელსაც ძებნილი ექსპრეზიდენტისთვის საკუთარი ბინის დათმობას ედავებიან. ცომაიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის დაუმძიმა.

"ბატონი ელგუჯა ცომაია არის თანამედროვე გმირი და ადამიანი, რომლის საქციელიც ტოლფასია იმ ხალხის ვინც საქართველოს პირველ დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გაუმართა ხელი. მიხეილ სააკაშვილს კი, ასევე დევნილი პრეზიდენტია, რომელიც პრო-რუსული მტავრობის მიერ იდევნება. მის მიერ საქართველოში შემოსვლა პოლიტიკური აქტია და აქ სამართალდარღვევაზე საუბარი კი აბსურდია. შეუძლებელია მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა დავინახოთ იმ ვითარებაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი გმირული ნაბიჯით, პროვოკაციებს გადაარჩინა ქართული სახელმწიფო,"- აღნიშნავს ადვოკატი ბექა ბასილაია.

როგორც ირკვევა გიორგი ნარიმანიძის ადვოკატი, წოწორიებსაც იცავს. სწორედ ამიტომ, პროკურორმა განმარტა, რომ ინტერესების კვეთა ფიქსირდება და ამ მიზეზით, ის დღეს ადვოკატის აცილებასაც მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×