რეზონანსი
23.10.2021

რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული დამაჯერებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს".

„ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი! მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი? - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას ყველას დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელებს და მჩაგვრელებს.

რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, მესმის, რომ მოსახლეობაში ამაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, თუმცა, ასევე შეგახსენებთ იმას, რომ როცა ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა გადაწყდა, სააკაშვილის ხუშტურებს და მის გადაწყვეტილებას დედა-შვილი შეეწირა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 350 მილიონი გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როცა თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება პარლამენტის შენობა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა, თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ, აქციები მისი მოკლე ჭკუით არ ყოფილიყო თბილისში. როგორც დაგეგმა მისი შემოსვლა და ციხეში ამოყო თავი, ასევე დაგეგმა თავისებურად პარლამენტის გადმოტანა. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წელი კონცენტრირება მოვახდინოთ საქმეზე, ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, პროგრესზე, განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო. არჩევნების შემდეგ, გთხოვთ, აღარ მკითხოთ პატიმარ სააკაშვილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×