რეზონანსი
24.10.2021

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ყველა დაპირება, რაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვისთვის გაიცა, შესრულებულია. ის სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატის განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს იუსტიციის მინისტრი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, და ამას სიცრუე უწოდა.

„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი... კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ვერავის მისცემს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას.

„როდესაც ვრცელდება მსგავსი ტყუილი, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საზოგადოებას... ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში... ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი“, - განაცხადა მინისტრმა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები გლდანის ციხესა და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში.

„ასე ექცეოდნენ ეს ადამიანები სხვებს, პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ამას სჭირდება ღირსეული პასუხი საზოგადოების მხრიდან და, დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პასუხს აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×