რეზონანსი
24.10.2021

 ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველთა განცხადებებს ეხმიანება.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ბელადი მიშას უსაფუძვლო აჟიოტაჟისა და პანიკის ფონზე, რომ თურმე მულტიფუნქციური კლინიკის პირობები არ იქნება ციხის საავადმყოფოში, ბევრს ალბათ, გეღიმებათ და გახსენდებათ, რა პირობებშია დღეს პატიმარი სააკაშვილი და რა არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა მაშინდელი რეჟიმი პატიმრებს.

რადგან საპატიმრო დაწესებულებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა, გავიხსენოთ 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმე და 2006 წლის 27 მარტს თბილისის ნომერ მე-5 საპყრობილეში „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან, 2020 წლის 2 აპრილს, გამოიტანა გადაწყვეტილება („კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) და დაადგინა შემდეგი: სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს ხელმძღვანელობისგან არ მიუღიათ არანაირი მითითება იმის შესახებ, რომ ძალის გამოყენების დროს ზიანი მაქსიმალურად შეემცირებინათ;

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ქაოსურად და გეგმის გარეშე მოქმედებდნენ, უფრო მეტიც, კომპეტენტურმა ორგანოებმა არც იცოდნენ, კონკრეტულად ვინ ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს;

სახელმწიფოს არც უფიქრია უფრო ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, მაგალითად, ცრემლსადენი გაზი ან წყლის სატყორცნი საშუალება გამოეყენებინა;

ცეცხლსასროლი იარაღი არა მხოლოდ სპეციალური რაზმის იმ წევრებმა გამოიყენეს, რომლებიც საპატიმრო დაწესებულების შიგნით მოქმედებდნენ, არამედ სხვა წევრებმაც, რომლებიც საპატიმრო დაწესებულების მახლობლად მდებარე შენობების სახურავებიდან საპატიმრო დაწესებულების ფანჯრებში უმისამართოდ ისროდნენ;

სპეციალური ოპერაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ დაშავებულ პატიმრებს არ აღმოუჩინა სათანადო სამედიცინო დახმარება;

არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა დაადასტურა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები განაგრძობდნენ პატიმრების მიმართულებით სროლას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე აღარ უწევდნენ წინააღმდეგობას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს.

ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები და ამით დაარღვია ევროპული კონვენცია! ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს!“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×