რეზონანსი
27.10.2021

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და პარტიის ოცნებები და მიზანი შეახსენა. 

მან აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს. 

"მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია, "ქართული ოცნება" დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება.

ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისათვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი "ქართული ოცნება", ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე.

ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება, ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ჰყოფთ სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი. ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, სოფლებით, ოჯახებით. ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულაიდ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ,"- განაცხადა კობახიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×