რეზონანსი
25.11.2021

ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც დღეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეპიდსიტუაცია ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, ცალსახად არის ღირებული. „მწვანე საშვი" გააუმჯობესებს ეპიდუსაფრთხოებას იმ გარემოში, სადაც ყველაზე მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი, - ამის შესახებ „ქრონიკას" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

„ზოგადად, წინ გადადგმული ნაბიჯია და პოზიტიური ინიციატივაა ეპიდკონტროლის კუთხით ის, რომ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე საშვი სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით. ესაა სამასპინძლო სექტორი, სავარჯიშო დარბაზები და გასართობი სექტორი. ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც დღეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეპიდსიტუაცია ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, ცალსახად არის ღირებული. რაც შეეხება ზოგადად „მწვანე საშვის" მექანიზმს. 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდება „მწვანე საშვი", რაც ნიშნავს სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა გამოიწვია გამოჯანმრთელების სტატუსის განმარტებამ, რომელიც განსხვავდება ევროპაში მიღებული განმარტებისგან. ევროპაში დამკვიდრებულია გამოჯანმრთელებიდან 6-თვიანი პერიოდი. ჩვენს შემთხვევაში - გამოჯანმრთელებიდან ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეუძლია ისარგებლოს იმ შეღავათებით, რაც აქვს ვაქცინირებულ ადამიანს და ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანს. ევროკავშირთან გვაქვს შეთანხმება ჩვენი კოვიდსერტიფიკატების აღიარების შესახებ და იქ გაწერილია გამოჯანმრთელებიდან 6-თვიანი ვადა. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა მიზნებისთვის გამოიყენებს ის „მწვანე საშვს". თუ ადამიანი მოგზაურობას გეგმავს, მან უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის სივრცეში მწვანე სტატუსი აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ ადამიანს. ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც არაერთი ევროპული ქვეყანა კატეგორიულად ითხოვს აცრას ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არ იყოს სრული თანხვედრა იმ ვაქცინების ჩამონათვალთან, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვიყენებთ. ამდენად, აქ ყოველთვის მოგზაურს მოუწევს, რომ დამატებით გაეცნოს იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრება​. ​მე ვფიქრობ, რომ ის, რაც 1-ლი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს საქართველოში, გააუმჯობესებს ეპიდუსაფრთხოებას იმ გარემოში, სადაც ყველაზე მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. მეორე მხრივ, ის სეგმენტი, რომელიც დაინტერესებულა გასართობი სექტორით, სავარჯიშო დარბაზებში სიარულით, მათ გაუჩნდებათ კიდევ ერთი სტიმული ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის", - აცხადებს გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×