რეზონანსი
25.11.2021

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულმა წამახალისებელმა ღონისძიებებმა ვაქცინირებულთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა შედეგი საკმარისი მაინც არ არის.

ივანე ჩხაიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პირველი დეკემბრისთვის შედეგები გაანალიზდეს და განხილული იყოს სხვა ღონისძიებებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში კი სამედიცინო პერსონალში.

„ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გაზრდის მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ფინანსურ წახალისებას. პირველი ნაბიჯებია კოვიდ პასპორტების სისტემის ამოქმედება, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ შედეგიც ვნახეთ. 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო გუშინ ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, განსხვავებაა იმ პერიოდთან შედარებით, ვიდრე ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ არის თუ არა ეს ციფრი საკმარისი, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს კორონავირუსის პანდემია თუნდაც უახლოეს პერიოდში? სამწუხაროდ, 9 000, 10 000 ვაქცინირებული არ არის ის ციფრი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ შესაძლებელია, პირველი დეკემბრისთვის მოხდეს ამ შედეგების ანალიზი, ვნახოთ, რა მოგვიტანა ამ ორი მართლაც სერიოზული ინიციატივის დანერგვამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე ალბათ შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი, რაც ასევე პრაქტიკულად უმრავლესმა ქვეყანამ გამოიყენა, არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში. პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სამედიცინო პერსონალს. სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სრულიად გამართლებული, მიღებული, აპრობირებული და ეფექტური მექანიზმია ვაქცინაციის რაოდენობის გაზრდის. ასე რომ, შეიძლება, იყოს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი, ეს შეიძლება იყოს საჯარო სამსახური, პოლიცია, პედაგოგი, გააჩნია, რას აირჩევს ქვეყანა, მაგრამ ეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების უდავოდ ერთ-ერთი სერიოზული ხელშემწყობია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×