
თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. მან სადღესასწაულო ცერემონიაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თბილისის სინაგოგაში მიიღო.
კახა კალაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღესასწაული ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
"ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით, ქართველ ებრაელებს ვულოცავ ხანუქას.
თბილისისთვის ამ დღესასწაულის აღნიშვნა უცხო არ არის. პირიქით, ჩვენი მრავალეროვანი, მრავალრელიგიური და მრავალფეროვნებით გამორჩეული ქალაქისთვის ყველა ეროვნული თუ რელიგიური დღესასწაული ძვირფასია და მისი ყოფის ნაწილია.
ჩვენთვის ერთა შორის განსაკუთრებული, მრავალსაუკუნოვანი, ერთგული მეგობრობის მაგალითია ქართველი და ებრაელი ხალხის ძმობა. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებს და რელიგიას. ეს დღეც თბილისისა და თბილისელებისთვის არა მარტო ებრაელი ხალხის დღესასწაულია, არამედ ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი, სიმბოლური გამოხატულება", - დაწერა კახა კალაძემ Facebook-ზე.