რეზონანსი
02.12.2021

პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ექსპრეზიდენტმა თავადვე დაადასტურა, რომ ბიუჯეტის თანხებს პირადი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.

„დღეს ჩვენ გვქონდა განხილვა სააკაშვილის კორუფციული ბრალდების შესახებ საქმის, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. საქმეში 49 ბაინდერადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად გახარჯულ თანხებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც, ამ განცხადებით, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილება იყო და ამის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო - „ეკუთვნოდა". რეალურად კი, ამ დანახარჯს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა", - აცხადებს პროკურორი.

კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა" უწოდა.

მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რას სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×