რეზონანსი
04.12.2021

ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა დაიწყო ვაქცინაციის წახალისება. ჩვენ ამ ხედვას და მექანიზმებს აგვისტოდან ვთავაზობდით ხელისუფლებას, თუმცა მათ მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით იმოქმედეს",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, რის გამოც „სამწუხაროდ, ლიდერები ვართ ბევრ ქვეყანას შორის".

„ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა: თვეებით ადრე, რომ ამოქმედებულიყო წამახალისებელი მექანიზმები გარკვეული კატეგორიისთვის, კერძოდ, 60 წელს ზევით ადამიანებისთვის, ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით". გასაგებია ეს აღიარება, მაგრამ სამწუხაროა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც არ უნდა გაიგოს სხვისი აზრი, შეთავაზება და რეკომენდაცია. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში შევთავაზეთ ხელისუფლებას 3 კონკრეტული ნაბიჯი.

პირველი ეს იყო მასობრივი ვაქცინაციის რიცხვის გაზრდა, კამპანია და მობილური ჯგუფების შექმნა. მეორე იყო გარკვეულ კატეგორიებში: საჯარო მოხელეებში, პედაგოგებში, განათლების, სატრანსპორტო სფეროებში დასაქმებულთათვის სავალდებულო ვაქცინაცია, ან სისტემატური ტესტირება. მესამე, რომელზეც მინდა, რომ გავამახვილო ყურადღება, იყო სწორედ წამახალისებელი მექანიზმები, როგორც ფულადი, ისე საგადასახადო.

პედაგოგებისთვის 3 თვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის გადასახადისგან გათავისუფლება, პარკირების გადასახადისგან გათავისუფლება - ვთხოვეთ ეს ყველაფერი დაემუშავებინათ და შეეთავაზებინათ მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. ახლა ხელისუფლების წევრების მხრიდან ვისმენთ, ეს პროცესი თვეებით ადრე რომ დაწყებულიყო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდითო. ეს აღიარება და სიმართლის თქმა შეიძლება კარგია, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც უამრავი ადამიანისთვის ფატალური შედეგი და ოჯახებისთვის ტრაგედია მოაქვს, დანაშაულია", - განაცხადა წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×