რეზონანსი
17.01.2022

ყოფილი პრეზიდენტი და პარტია „ევროპული სოლიდარობის" ლიდერი, პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩავიდა. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, კიევის „ჟულიანის" აეროპორტში დაჯდა.

უკრაინაში გამგზავრებამდე, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ვარშავის აეროპორტში ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ არ აპირებს ციხეში ჩაჯდომას.

„პირველი - მე არ ჩავჯდები. მეორე - არავის მივცემ უფლებას, ციხეში ჩამაჯინოს. მე იულია ტიმოშენკო არ ვარ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ ვარშავის აეროპორტში.

ამასთან, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური ხასიათი აქვს და გააკეთებს ყველაფერს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა უფრო ეფექტურად გააგრძელოს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×