რეზონანსი
17.01.2022

სურვილი გვაქვს, საქართველოში შევქმნათ სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესს კოორდინაცია გაუწიოს.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას. ამის თაობაზე, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, ფინანსურ ჯგუფთან - Rothschild & Co-თან და მივიღეთ გადაწყვეტილება. მინდა, ეკონომიკის მინისტრს დავავალო, გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

საკითხი ეხება შემდეგ იდეას და ინიციატივას - ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საბოლოო მიზანი. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა - ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისისა და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის მთავრობის მრჩეველი კომპანია Rothschild. მისივე თქმით, კომპანიის დელეგაცია ქვეყანას ერთ კვირაში ეწვევა და დაიწყება აქტიური მუშაობა.

„ჩვენი გათვლებით, სპეციალური ფინანსური ზონების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველო გახდება, ეს ჩვენი სურვილია, მიზანია, რეგიონული ფინანსური ცენტრი. ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×