რეზონანსი
17.01.2022

ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია აკეთებს და მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

"ძალიან მძიმე და რთული გზა გამოვიარეთ. არც ახლა არის მარტივი სიტუაცია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცოტნეს ეს ამბავი დაემართა. ჩვენ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ცოტნეს რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. არის რიგი პოზიტიური შედეგები, რაც გვაახლოებს ჩვენს ორ უმთავრეს მიზანთან, დაიწყოს საუბარი, ანუ დიფერენცირებული მეტყველება. გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეტყველების მერე მეორე მიზანი - სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას. ეპილეპტიურმა სტატუსმა შეგვაფერხა ძალიან, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. როგორც გაირკვა, მას ეს ჰქონდა თურქეთში გადაყვანისთანავე. ჯამში, 24 დღეში ექიმებმა თურქეთში ისე ჩაახშვეს, რომ პრაქტიკულად ერთი წელი არ განმეორებულა. შემდეგ უკვე გერმანიაში, ვფიქრობ შმიდერის კლინიკაში სათანადოდ არ გაითვალისწინეს ეს საკითხი. გარკვეული წამლები ენიშნება ასეთ დროს, რომელიც პროცესს აკავებს, სტატუსი რომ არ დადგეს. ვფიქრობ, იქ მედიკამენტების ნაკლები დოზა მისცეს.

როცა დაიწყო მეტყველება, წინადადებები თქვა, მაგრამ ყოველთვის ვერ ამბობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მთელი წინადადება თქვა. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა სიტუაციის დამძიმება, მედიკამენტებმა ეს სტატუსი შეაჩერა, მაგრამ შეაჩერა რეაბილიტაციის პროცესიც. მისი აღქმითი შესაძლებლობები ცოტა უკან წავიდა. ასეთ დროს საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს აძლევენ, ინიშნება კეტოგენური დიეტაც და ახლა თავიდან გვიწევს იმის გავლაც, რაც გავლილი იყო. ეპილეფსიურმა სტატუსმა თავისი კვალი დაამჩნია", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ "გზასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×