რეზონანსი
17.01.2022

2022 წლისათვის სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული, ხოლო მანამდე მათ ქირით გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა, რომლის სამაჟორიტარო ოლქში სანატორიუმი "ქართლი" შედის.

გარდა ამისა, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დევნილებს თავადაც შეეძლებათ ნახონ ბინები, კვ.მ. - 550 დოლარის ფარგლებში, ხოლო ყველა ეს პირობა სახელმწიფოს მხრიდან დოკუმენტალურად იქნება დადასტურებული.

"ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, როცა სახელმწიფომ 200 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა, ამას სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, თუ რატომ არ იყვნენ ისინი ამ 200 ოჯახს შორის. მე მაშინ ამ ადამიანებს შევხვდი და დავპირდი, რომ მათი კონკრეტული პრობლემა იქნებოდა განხილული და მიტანილი ხელისუფლებასთან. ზუსტად სამ დღეში მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. გამოიყო კომისია, აღირიცხა ვინ რა კრიტერიუმით ისარგებლებდა ბინების მიღების დროს. მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში იყო და შემოდგომისთვის ყველა ადამიანის აღრიცხვა მოხდა - ვის რა ეკუთვნოდა, რამდენი ქულა ჰქონდა და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობას პოლიტიკური პროტესტი ყოველთვის თან სდევდა - მდგომარეობა მართლაც მძიმეა! იყო დაპირება, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ქირით მომხდარიყო გაყვანა, თუმცა ეს ადამიანები კატეგორიულ უარზე იყვნენ, ვიდრე ბინებით დაკმაყოფილების გარანტიას არ მიიღებდნენ. როცა თითოეული ოჯახის აღრიცხვა დასრულდა, დევნილთა სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და ამ ადამიანებს დოკუმენტალურად დაუდასტურდათ, რომ ისინი ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდებოდნენ. დროის ფაქტორი იყო, რადგან საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არც ერთი სამშენებლო კომპანია. 2 იანვარს, როცა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ კონკურში მონაწილეობა არ მოინდომა, გაიცა დაპირება მათი ქირით გაყვანის შესახებ, რის გაკეთებაც დღესვე შეიძლება, ვისაც ამის სურვილი აქვს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი პროცესში უცებ გაერკვა და კიდევ მეტად მოხდა დახვეწა. კვირის ბოლოსთვის კიდევ იქნება კონკრეტული შეთავაზებები და იქნება განსაზღვრული, რომ 2022 წელს ყველა მათგანი ბინებით დაკმაყოფილებული იქნება. არ არსებობს ჩემი მხრიდან გაცემული არც ერთი დაპირება, რაც არ შესრულდა. ასევე, დოკუმენტალურად იქნება გაწერილი, რომ ვიდრე ბინას არ მიიღებენ, ქირით გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×