რეზონანსი
17.01.2022

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის „რემდესივირი" და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი.

ამის შესახებ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „რემდესივირი" ინფიცირებულ, ამბულატორიულ ავადმყოფებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკებს 87%-ით, ხოლო მონოკლონური ანტისხეულები 70%-დან 85%-მდე ამცირებს.

„კიდევ ერთხელ „რემდესივირის" და მონოკლონური ანტისხეულების შესახებ: ქალბატონმა ლია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში „რეალური სივრცე", 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება. როგორც ცნობილია, ქალბატონი ლია კატეგორიულად არ ცნობს „რემდესივირს" და მონოკლონურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად. პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია - სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბატონ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიან კვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე საკითხზე.

ქვეყანაში შექმნილი COVID სიტუაციის სწორი მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ დავაფიქსირო, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუტების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIH და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით „რემდესივირიც" და მონოკლონური ანტისხეულებიც დასახელებეულია COVID-ის (მათ შორის „ომიკრონის" შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიან ანტივირუსულ მედიკამენტებად („პაქსლოვიდთან" ერთად), კერძოდ: „რემდესივირი" (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილობის ალბათობას. მონოკლონური ანტისხეულები დამძიმების რისკის მქონე ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 70%-დან 85%-მდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, ამასთან ერთ-ერთი მათგანი - სოტროვიმაბი რეკომენდებულია ომიკრონის შტამისთვისაც, ხოლო კასირივიმაბი+იმდევიმაბი ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში 20%-ით ამცირებს სიკვდილობას.

დღეს, როდესაც ვდგავართ COVID პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე („ომიკრონი"), არ არის არაკომპეტენტურობის და კაპრიზების დრო. ყველა ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან",- წერს თენგიზ ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×