
ქართველმა სპორტსმენებმა - ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება, ჯაფარიძემ კი ოლიმპიური ლიცენზია პირველად აიღო.
ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს იასპარეზებს, სოსო ჯაფარიძე კი 13-16 თებერვალს.
რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა. ოლიმპიურ თამაშებზე ასევე იასპარეზებენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.