რეზონანსი
18.01.2022

საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა" განაცხადა.

„სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა - დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუდაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია ფინტეკზე და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ", - განაცხადა თურნავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო გარდაიქმნება რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს ახალ ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

„საინტერესოა, რომ ეს არის საფინანსო, საბანკო, საბროკერო საქმიანობა და ა.შ. რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილებს ქმნის. რატომ წამოვლენ საქართველოში? - იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერთან ერთად არის მაკრო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში, პოსტკოვიდურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ გაცილებით დაბალია ბიზნესის კეთების და ცხოვრების დანახარჯები. არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის აუდიტორები, ბუღალტრები, სხვადასხვა ტიპის სერვისების მომწოდებლები და სხვა, რომლებსაც შეუძლიათ, შედარებით ეფექტური და არც თუ ისე მაღალი საფასურის სანაცვლოდ ეს სერვისები გაუწიონ ფინანსურ ზონებში შემოსულ ახალ საერთაშორისო კომპანიებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დეველოპმენტი, რადგან აქ უნდა აშენდეს თანამედროვე ტიპის შენობები, A კლასის საოფისე ფართები და ა.შ. ესეც არის განვითარება და რაც მთავარია, იქნება ახალი სამუშაო ადგილები და შემოსავლები", - განაცხადა თურნავამ.

შეკითხვაზე, რამდენად სტაბილურია საქართველო ინვესტორებისთვის ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური პროცესიდან და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჩვენი რეგიონი გარკვეული ტურბულენტურობით ხასიათდებოდეს და გარდა ამისა, პოსტპანდემიურ მოცემულობაში ინვესტორებიც მეტად ფრთხილი გახდნენ, მაგრამ საქართველო საკმაოდ კარგად არის მომზადებული.

„მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიერ და იგივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღინიშნება, რომ რეგიონში საქართველო რჩება ერთგვარი სტაბილურობის კუნძულად, თუ წერტილად. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკრო ეკონომიკური სტამილურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არის კონკრეტული რეფორმებისადმი ერთგულება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმატორული კურსისგან ყველაზე რთულ, პანდემიის პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია. აქ არის პროგნოზირებადი მაკრო ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ არის მიმართული და სპეციალურ ზონებში კიდევ მეტი ხელშეწყობის რეჟიმი შეიქმნება, რაც ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოწვევები არის, მაგრამ ეს გამოწვევები შესაძლებლობებად უნდა იქცეს.

„დღეს ბიზნესი ეძებს ახალ ბაზრებს და საქართველო მათთვის ახალი პლატფორმა იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×