
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს. კანონის მიხედვით, თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით საპარლამენტო სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
უფლებამოსილების შეწყვეტა ემუქრება ბადრი ჯაფარიძესაც, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო. „სტრატეგია აღმაშენებელში" „ლელოს" ლიდერისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.
„ის, რომ ბადრი ჯაფარიძის საკითხი მოხვდა საპროცედურო კომიტეტის დღის წესრიგში, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ აჩვენებს არა მხოლოდ სამართლებრივ ნაწილს, რომლის ახსნაც საკმაოდ რთულია, არამედ, ასევე პოლიტიკური გზავნილია. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილს მხარს არ დავუჭერთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამაზე დავა, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს", - მიიჩნევს „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია.