
ჩვენ გვგონია, რომ არჩევითი თანამდებობა, პარლამენტარობა იმდენად მაღალი ლეგიტიმაციის თანამდებობაა, რომ პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება ასე, თუნდაც გაცდენის გამო შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება, - ამის შესახებ „გირჩის წევრმა" ჰერმან საბომ „ქრონიკას" განუცხადა.
„რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საქმე, ჩვენი აზრით ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მგონია, რომ თვითონ „ქართული ოცნება" თავს შეიკავებს და ეცდება ისე დაასრულოს, რომ არც შამფური დაწვას და არც მწვადი", - აღნიშნა ჰერმან საბომ.
თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით საპარლამენტო სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამას კანონი ითვალისწინებს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს. უფლებამოსილების შეწყვეტა ემუქრება ბადრი ჯაფარიძესაც, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.