
როგორც არასდროს, ისე ერთიანია დღეს ნატო. 30 წევრი ქვეყანა ერთ ხმაში საუბრობს, მათი პოზიცია არის ერთიანი, მყარი. ახლა უაღრესად მნშვნელოვანია ამ ერთიანობის დემონსტრირება და რუსეთის ფედერაციამ ეს უნდა იგრძნოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველანაირად ცდილობს რაიმე ბზარი გააჩინოს ნატოში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკის ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ნატოელი პარტნიორები და ამერიკა, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს ამ პროცესში, საუბრობენ ერთი ხმით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთან მიმართებაში ისინი რუსეთს პირდაპირ ეუბნებიან, რომ შეიძლება ვისაუბროთ რაღაც თემებზე. განიარაღების საკითხებზე, ბალისტიკური სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხებზე და ა.შ. საუბარი შესაძლებელია. სწორედ ამას ეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას, რომ თუ მათ აქვთ რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი წავიდეს დეესკალაციისკენ, ეს უახლოეს დღეებში გამჩნდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.