რეზონანსი
26.01.2022

დღეს დაზარალებულის შესახებ დადგენილებას გავეცანით, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ მას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, - ამის შესახებ ნაცემი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ ჟურნალისტებს განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, დაზარალებული არასრულწლოვანი საგამოძიებო ორგანოსთან სრულად თანამშრომლობს.

„დღეს დაზარალებულის შესახებ დადგენილებას გავეცანით, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ მას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი. ასევე, მას განუმარტეს ის უფლებები, რომელიც მას, როგორც დაზარალებულს გააჩნია.

ჩვენ და ასევე, დაზარალებული, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. ის მზად არის, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საგამოძიებო ორგანო დაიბარებს, მივიდეს და მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც გააჩნია", - განაცხადა ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ.

გარდა ამისა, არასრულწლოვნის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლედი კორძაძემ მედიასაშუალებებს სთხოვა, დაზარალებულის სახლში მისვლისგან თავი შეიკავონ და თუკი საქმესთან დაკავშირებით კითხვები ექნებათ, დაცვის მხარეს მიმართონ.

„გვესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა, თხოვნა გვექნება მედიასაშუალებებთან, რომ შეწყდეს მის სახლში მისვლა იმიტომ, რომ ბავშვმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ეს ყველაფერი მას ხელახალ ტრავმას აყენებს. თხოვნა იქნება და ეს არის მისი სურვილი, რომელიც მან თარჯიმნის მეშვეობით მოგვაწოდა, გვთხოვა, რომ ეს თქვენთვის გადმოგვეცა. მას სჭირდება იმ რეჟიმში ცხოვრება, რომ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, სჭირდება დახმარება, რომ ის ტრავმა დაძლიოს, რაც ამ ქმედებების შედეგად მიადგა“,-განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×