რეზონანსი
19.05.2022

"IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც ბორჯომის ანგარიშები გაიყინა.

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ეკონომიკისა სამინისტრო IDS Borjomi International-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების წილის უსასყიდლოდ გადაცემის შეთავაზებას ადასტურებს. ამის შესახებ BM.GE-ს სამინისტროში განუცხადეს.

„დღეს IDS Borjomi International-ში აქციონერების წარმომადგენელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნულის შესახებ განცხადება შემოიტანა. ამ განცხადებას სწავლობს ეკონომიკის სამინისტრო და ის შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა. შედეგის მიღებისთანავე დეტალები გასაჯაროვდება", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კითხვაზე - IDS Borjomi International-ის აქციების რა წილზეა საუბარი და რამდენ ხანში დაიდება დასკვნა, უწყებაში ვერ გვპასუხობენ და ამბობენ, რომ პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომმა" დღეს განცხადება გაავცელა, რომლის მიხედვით კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით "სასიამოვნო სიახლეებს" მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×