რეზონანსი
27.05.2022

თურმე არავინ არ იყო მისი [მიხეილ სააკაშვილის] მომხრე არასოდეს და არავინ იყო არაფრით კმაყოფილი, ყველა ნაწყენი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში" მისი შვილის მონახულებამდე მედიასთან განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ის გაბრაზებულია, რადგან ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის საერთოდ „არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის" მავნებლობის გარდა.

„უკვე აღარავის აღარაფერი მჯერა. აქ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ეს ჩემი შვილი საერთოდ საიდან მოვიდა, რატომ მოვიდა და რატომ არის ამ ქვეყანაში, საერთოდ რაიმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის მავნებლობის გარდა?! არ ვიცი უკვე, აღარაფერი ვიცი. ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ბევრზე და ძალიან ბევრ რამეზე. ძალიან ბევრი რამის გამო გაბრაზებული ვარ. იმიტომ, რომ სულ მესმის სხვათა შორის ტელევიზორიდან, გადაცემებიდან მე კი არ ვიყავი, იცით მისი მომხრე და მე კი არ ვიყავი. თურმე არავინ არ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ არ იყო არაფრით კმაყოფილი. ყველა ნაწყენი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. როგორ ხდებოდა არ ვიცი, ვერ გავიგე. ვხედავ, რომ არის სიცარიელე ირგვლივ. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანი ციხეში არ უნდა იყოს. მე ასე ვფიქრობ. სხვებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და ვხედავთ ამას. ვინც იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იმან გადაწყვიტა.

მოგვიანებით გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ გაბრაზების შესახებ განცხადება ზოგადად გააკეთა.

როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, განცხადება ზოგად კონტექსტში გააკეთა, რადგან ეჩვენება, რომ „საზოგადოება მიძინებულია".

„ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას" ეძახიან. ზოგადად ვთქვი. რომ ვუყურებ გადაცემებს რაღაცები არ მომწონს. ხანდახან მეჩვენება, რომ საზოგადოება მიძინებულია. მეორე ნაწილი გაქცევაზეა, სხვათა შორის, დიდი ნაწილი მათ შორის ახალგაზრდები. ყველა ცდილობს, რომ აქედან გააქციონ. ეს ყველაფერი არ მომწონს, რაც ხდება", - აღნიშნა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×