რეზონანსი
23.06.2022

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილს უპასუხა.

„მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისთვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.

მართლაც, ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში.

ამ კონტექსტში, მინდა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა", - აღნიშნულია ესპანეთის პრეზიდენტის წერილში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკითხის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. მსჯელობის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლაიენი, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები.

ევროკავშირის საბჭოში საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები გაგზავნილია.

დღეს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×